მაქვს უფლება, საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენება არ მივცე - დეკანოზის ადვოკატი

14:49 10-04-2017
130

,,ალბათ მივიღებ გადაწყვეტილებას არ ვუპასუხო არაფერს. მაქვს უფლება საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენება არ მივცე", - ეს განცხადება ციანიდის საქმის ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა სასამართლო სხდომის იმ ჩანაწერების შესახებ გააკეთა, რომელიც მედიაში გავრცელდა. 

ადვოკაის განცხადებით დაწყებული გამოძიება არის მცდელობა დაცვის მხარეზე განხორციელდეს ზეწოლა და შანტაჟი.

,, გამოძიება არ ემსახურება არაფერს, გარდა იმისა, რომ დაცვის მხარეზე განახორციელონ შანტაჟი და დაშინება. გამოძიება რა დასაწყები იყო არ ვიცი. არც ერთი მედიაში გასული ჩანაწერი არ მოიცავს პირად ინფორმაციას. საჯარო სხდომები იმიტომ იყო დახურული, რომ ვინმეს პირადი ინფორმაცია დაცული ყოფილიყო, რაც გასაჯაროვდა სადმე არის რამე მსგავსი? ეს არის შანტაჟი და ზეწოლა იმისთვის, რომ საზოგადოებამ არ გაიგოს სრულფასოვანი ინფორმაცია, რომელიც მოვისმინეთ სასამართლო დარბაზში. ჩვენ არ მიგვიწოდებია და წარმოდგენა არ მაქვს ვინ მიაწოდა ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს", - განაცხადა პაატა მეხრიშვილმა.

ადვოკატის თქმით, ის პროკურატურას გამოკითხვაზე ჯერ არ დაუბარებია, თუმცა აღნიშნავს, რომ თავისი კოლეგენის მსგავსად, ისიც სასამართლო წესით დაკითხვას მოითხოვს.

,,ალბათ მივიღებ გადაწყვეტილებას არ ვუპასუხო არაფერს. მაქვს უფლება საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენება არ მივცე. გარდა ამისა,  მე მაქვს უფლება არ მივცე ჩვენება იმ გარემოების შესახებ, რომელიც ცნობილი გახდა ჩემი, როგორც ადვოკატის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით. ჯერ ერთი არაფერი არ ვიცი, მაგრამ რომც ვიცოდე არ მივცემ ჩვენებას", - განაცხადა პაატა მეხრიშვილმა.

დახურული სასამართლო პროცესიდან ჩანაწერების  გავრცელებასთან დაკავშირებით, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. საქმეზე ყველა მონაწილე პირის გამოკითხვა იგეგმება.

სალომე ჩადუნელი