ამის შესახებ ინფორმაცია ხატია წერეთელმა თავად გაავრცელა სოციალურ ქსელში. მომღერალი, რომელიც სკანდალური კლიპებით გახდა პოპულარული, „ნიჭიერში“ უცხოურ სიმღერას იმღერებს. ხატიას ბოლო კლიპი სიმღერაზე „შენთან ყველაფერი მინდა“ განსაკუთრებით პოპულარული გახდა სოცოალურ ქსელში. მიუხედავად იმისა, რომ ხატია ამ ვიდეორგოლს გართობას უწოდებს, მისი ფლირტი და სასიყვარულო სცენები პატარა დაკუნთულ ბიჭებთან მაყურებელმა, რბილად რომ ვთქვათ, კრიტიკულად შეაფასა. გახდება თუა არა ხატიას გამოსვლა „ნიჭიერში“ კვლავ საზოგადოების განსჯის საგანი, გადაცემის დაწყების შემდეგ შევიტყობთ, მანამდე კი ხატიას რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
- რა თქმა უნდა, სიმღერით გამოვჩნდები „ნიჭიერში“, ოღონდ ამჯერად მაყურებელი სხვა ამპლუაში მიხილავს. შოუს ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებს ვერ გავახმოვანებ, თუმცა ის პოზიტივი, რაც ჩემს შემოქმედებას გასდევს, შენარჩუნებულია.
- ხომ არ არის ეს თქვენი ცნობილი ჰიტი, რომელის კლიპსაც ბოლო დროს დიდი განხილვა მოჰყვა სოციალურ ქსელში?
- არა, მე არ მიყვარს ერთი ადგილის ტკეპნა. ყოველთვის სიახლეს ვთავაზობ მსმენელს, მაყურებელს.
- ეს სიახლეც თქვენი დაწერილი ხომ არ არის?
- არა, ეს არ არის ქართული სიმღერა. მაპატიეთ, მეტს ვერაფერს გეტყვით.