ტელეკომპანია "იბერიას" საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ვახო ხუზმიაშვილის განცხადებით, თბილისის მერობის კანდიდატების ტელე-დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უნდა გაიმართოს. ამის შესახებ ვახო ხუზმიაშვილმა "პრაიმტაიმს" განუცხადა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში არ გაიმართება, მაშინ ტელეკომპანიები ვერ შეთანხმდებიან.
"ჩვენი პოზიცია ასეთია, თუ დებატები მაინც და მაინც ერთ კონკრეტულ არხზე უნდა მოეწყოს, მაშინ ასეთი არხი საზოგადოებრივი მაუწყებელია, სადაც ჩვენი აზრით, ყველა ტელეკომპანიის ჟურნალისტი უნდა მივიდეს. ამისთვის ჩვენ მზად ვართ. იმ შემთხვევაში მივალთ და მივიღებთ მონაწილეობას, თუ დებატები საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში ჩატარდება. ამ დებატების ირგვლივ საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობს . რომ არ ჩაიშალოს ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაიმართოს. ალბათ, სხვა შემთხვევაში, ტელეკომპანიები ვერ შევთანხმდებით თუ რომელ ეთერში უნდა ჩატარდეს დებატები" - განაცხადა ხუზმიაშვილმა.
შეგახსნებთ, რომ ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” ყველა ძირითად მედიასაშუალებას სთავაზობს, თბილისის მერობის კანდიდატების ტელე-დებატებთან დაკავშირებით ერთობლივ ფორმატზე შეთანხმდნენ, სადაც ყველა ტელევიზიის წარმომადგენელს და ყველა კანდიდატს ექნება მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.