ავტორი: სალომე ჩადუნელი
მსოფლიოში გრიპის ეპიდემიას ელოდებიან – ამის შესახებ CNN წერს. გამოცემის ცნობით, პანდემია ბევრი ადამიანის სიცოცხლეს შეუქმნის საფრთხეს, თუმცა წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მსოფლიო მასთან საბრძოლველად ემზადება.
ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, სეზონური გრიპის თემა ყოველთვის აქტიურდება, თუმცა ამერიკელი ექიმების ცნობით, სეზონური გრიპი პანდემიისგან მკვეთრად განსხვავდება. გრიპის პანდემია ძალიან სწრაფად ვრცელდება და მაშინ აქტიურდება, როდესაც სრულიად ახალი ვირუსი ჩნდება.
ანტიკორუფციული კავშირის ხელმძღვანელი გია ბურჯანაძე გრიპის პანდემიის მოლოდინს ხელოვნურად გამოყვანილ ვირუსებს უკავშირებს. მისი თქმით, მსოფლიოსა და საქართველოშიც ფარმაცევტული კომპანიები საკუთარი ბიზნესისთვის ხელოვნურ ვირუსებს ქმნიან და ავრცელებენ. გია ბურჯანაძეს ამის დამადასტურებელი ფაქტი არ აქვს, თუმცა ამტკიცებს, რომ ეს გავრცელებული პრაქტიკაა.
გია ბურჯანაძე, ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელი:
„ეს არის მსოფლიო მასშტაბით ერთგვარი ბიზნესი სამედიცინო კუთხით, რომელიც საშუალებას აძლევს კომპანიებს, ყოველწლიურად, საშემოდგომო ფონზე, მილიარდები იშოვონ. ხდება ამ ვირუსების გავრცელება, შემდეგ ანტივირუსის შექმნა და ა.შ. ეს ახალი არ არის. ხელოვნურადაა ყველაფერი შექმნილი. შემოსავალი რამდენიმე თვის განმავლობაში კონკრეტული კომპანიებისთვის მილიარდობითაა. ეს არის დანაშაული ქვეყნისა და ერის წინაშე. ეს ყველაფერი აწყობთ იმ კომპანიებს, რომლებიც ანტივირუსის სახით გვთავაზობენ პრეპარატებს, რომლითაც განკურნება ხდება. შედით აფთიაქებში. კითხულობ კონკრეტულ წამალს, გეუბნებიან, რომ არ აქვთ და გთავაზობენ იგივე მახასიათებლის სხვა წამალს. ფარმაცევტული კომპანიები პირველები არიან დაინტერესებული, რაც შეიძლება მეტი ვირუსი იყოს და პანიკური ფონი შეიქმნას, რის შედეგადაც გავრცელდება ეს პრეპარატები“.
დაავადებათა კონტროლის ცენტრში მსგავს ინფორმაციას არასერიოზულად აფასებენ და მოსახლეობას მოუწოდებენ, ვაქცინა გაიკეთონ და თავი დაიცვან გრიპისგან.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, პანდემიის საფრთხე არ არსებობს, თუმცა ამისთვის ზამთრის სეზონზე ყველა სახელმწიფო, პრევენციის მიზნით, წინასწარ ემზადება.
პაატა იმნაძე:
– ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ყოველი შემოდგომის ბოლოს იწყება გრიპი. საქართველოც ჩრდილოეთ ნახევარსფეროშია და ამიტომ ახლა იწყება სეზონური გრიპი. არავითარი პანდემია და ახალი ვირუსი არ გამოჩენილა, რომელსაც შეიძლება პანდემიური პოტენციალი ჰქონდეს. ჩვეულებრივ, სეზონურ გრიპზეა საუბარი.
– და რაც შეეხება არსებულ ვირუსებს – ფრინველის გრიპს, ღორის გრიპს... მათი შემთხვევები ხომ არ დაფიქსირებულა?
– ფრინველის გრიპის ვირუსი დღესაც არის, არსად გამქრალა, მაგრამ პანდემიური პოტენციალი არ შეუძენია. არის ქვეყნები, სადაც ფრინველის გრიპი დღესაც გვხვდება, ისევე, როგორც სხვა ვირუსები, რომელიც ასევე ფრინველებზეა, არა მარტო H5N1, არამედ H7N9, ოღონდ ისინი გარკვეულ ქვეყნებშია და მასიური ხასიათით არ აქვს.
– ანუ უცხოურ მედიაში გამოქვეყნებული სტატიები, რომ ეპიდემიას ელოდებიან, გაზვიადებულია?
– ეპიდემიას ყველა ქვეყანა ელოდება, იმიტომ რომ სეზონური გავრცელების დროს, ზოგ ქვეყანაში ეპიდემიაა, ზოგ ქვეყანაში ეპიდემიას ვერ აღწევს... გააჩნია, რომელ ქვეყანაში როგორ გავრცელდება.
– და ამჟამად საქართველოში როგორი ეპიდსიტუაციაა?
– ჩვენთან ამჟამად აბსოლუტურად წყნარი სიტუაციაა. გრიპის დაწყებას ნოემბრის მეორე ნახევარში ველოდებით და ცოტა მატებას – დეკემბრის ბოლოს.
– რამდენად ახლავს ხოლმე სეზონურ გრიპს ლეტალობის შემთხვევები?
– რა თქმა უნდა, როცა ათასობით კაცი ავად ხდება, ვიღაც შეიძლება გარდაიცვალოს. გრიპის დროს ძალიან ცოტა ადამიანი დგას ლეტალობის საფრთხის წინაშე, მაგრამ, რა თქმა უნდა, როცა ბევრი ადამიანი ხდება ავად, სამწუხაროდ, შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში ლეტალურად დამთავრდეს.
– თუ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებს წავიკითხავთ, შეიძლება ითქვას, რომ გრიპის გავრცელების ერთ-ერთი რისკ-ფაქტორი ერთ გარემოში ბევრი ადამიანის ყოფნაა. ამ მხრივ, რამდენად დიდი პრობლემაა ბაღებში გადატვირთული ჯგუფების თემა, თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ბავშვები გრიპის ვირუსის მიმართ შედარებით მოწყვლადები არიან?
– სივრცე, რომელიც არ ნიავდება, რისკ-ფაქტორია. დღეს მზე გამოვიდა და გრიფი, შესაბამისად, ცოტა იქნება, იმიტომ რომ მზის სხივები გრიპის ვირუსს მალე კლავს. თუ ბავშვები ბაღში არ იქნებიან, ფიქრობთ, რომ სახლში ცალკე ჩაკეტავენ და არავის მიუშვებენ? ბავშვები ერთმანეთს არ შეხვდებიან? რისკ-ფაქტორი ისიც არის, რომ ბავშვი ბავშვს შეხვდება ან მშობელი მიუყვანს სახლში. მთავარია, რომ ბავშვებს ელემენტარული ჰიგიენის წესები ვასწავლოთ, ბაღში იქნება, სახლში თუ ეზოში, რისკი ყველგან იქნება. წელს სახელმწიფომ 27000 დოზა ვაქცინა შეიძინა და განსაკუთრებით მაღალი რისკის ადამიანებს სახელმწიფო უფასოდ აცრის, მათ შორის აცრის ბავშვთა სახლებში მცხოვრებს ბავშვებს. მათ დიდი რისკი აქვთ, ისევე როგორც საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში, მოხუცებულთა თავშესაფრებში. სახელმწიფო, ასევე, უფასოდ აცრის დიაბეტიან ბავშვს, ანუ ვისაც მაღალი რისკი აქვს.
– და მე, რომელიც არ განვეკუთვნები მოწყვლად ჯგუფს, რამდენი უნდა გადავიხადო აცრაში?
– კომერციულ ფასებზეა დამოკიდებული და სხვადასხვა ადგილას 20-30 ლარის ფარგლებშია.
– ადამიანები ხშირად ერიდებიან ვაქცინის გაკეთებას, რას ურჩევთ ამ ადამიანებს?
– ამ ადამიანებს 30-40 ლარი დაუჯდებათ შემდეგ მკურნალობა... რომელი ჯობია, თვითონ უნდა მიხვდეს. გრიპი ისეთი რამეა, რომ გინდა-არ გინდა, ყველა სეზონზე, ზოგს – მძიმედ, ზოგს მსუბუქად გვხვდება ხოლმე.
– „სახლში მკურნალობა“ რამდენად ეფექტურია? რა იქნება თქვენი რჩევა?
– გააჩნია, როგორი ჩვენება აქვს. თუ ბავშვს აქვს 39 გრადუსზე მეტი 24 საათის განმავლობაში, აუცილებლად ექიმმა უნდა ნახოს. დიდს თუ აქვს 38-ზე მეტი სიცხე სამი დღის განმავლობაში, აუცილებლად ექიმმა უნდა ნახოს.
– გრიპების სეზონის გააქტიურებასთან ერთად აქტიურდება საავადმყოფოების გადატვირთულობის საკითხიც... ამ სეზონზე თუ ველოდებით?
– გადატვირთულობის პრობლემა, ეპიდემიასთან მიახლოებული სიტუაცია რომ არის, მაშინ გვაქვს. მაგალითად, ასეთი იყო 2009-2010 წელს, როცა პანდემია იყო მსოფლიოში და ჩვენც ეპიდემიურ სიტუაციას მივუახლოვდით, მაშინ გადაიტვირთა საავადმყოფოები, ჩვეულებრივ პერიოდში კი შეიძლება ერთი კვირა იყოს მიმართვიანობა მაღალი.
– აღნიშნეთ, რომ ეპიდემიურ სიტუაციას მივუახლოვდით, რა შემთხვევაში ვამბობთ ამას?
– როდესაც 100 000 მოსახლეზე ერთდროულად 300-ზე მეტი ადამიანია ავად.
მიუხედავად იმისა, რომ, პაატა იმნაძის თქმით, საგანგაშო ჯერჯერობით არაფერია, გთავაზობთ რეკომენდაციებს, რომელიც „პრაიმტაიმს“ პრევენციის მიზნით დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მიაწოდა.
გრიპისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია!
ხშირად დავიბანოთ ხელები. ვირუსები გარემოში ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას, როცა ცივა. როცა მზეა და კარგი ამინდია, უცებ კვდება.
განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა – მოერიდეთ მასობრივი თავშეყრის ადგილებს! გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს!
როგორც ჯანმრთელებმა, ასევე გრიპით დაავადებულმა პირებმა, შეძლებისდაგვარად ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და გამდინარე წყლით, რათა შემცირდეს ხელით ვირუსის გადატანის შესაძლებლობა; რაც შეიძლება ხშირად გაანიავეთ საცხოვრებელი ადგილი და დაალაგეთ სველი წესით;
დაავადებულთა თვითიზოლაცია: თუ გაქვთ მაღალი ტემპერატურა, თავის, კუნთების, სახსრებისა და ყელის ტკივილით, დარჩით სახლში, მოერიდეთ ჯანმრთელ ადამიანებთან კონტაქტს;
ჩაიტარეთ სიმპტომური მკურნალობა – მიიღეთ სიცხის დამწევი საშუალებები (გარდა ასპირინისა), ტკივილგამაყუჩებლები და ა.შ.
იმ შემთხვევაში, თუ ისეთი სიმპტომები გამოვლინდება, როგორიცაა სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილებში – ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოება, ყიფლიბანდის დაძაბულობა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! შესაძლოა, თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა!
რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს:
– სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ყოველდღიურად უნდა დალაგდეს სველი წესით სოდის, საპნის ან სინთეზური სარეცხი საშუალებების გამოყენებით.
– ჯგუფური ოთახების, საკლასო ოთახებისა და სხვა სასწავლო და დამხმარე ოთახების დალაგება უნდა მოხდეს მეცადინეობების დამთავრების შემდეგ, გაღებული ფანჯრებისა და ფრამუგების მდგომარეობაში. თუ სკოლაში სწავლა მიმდინარეობს ორ ცვლად, ოთახები უნდა დალაგდეს 2-ჯერ, მოირეცხოს იატაკი, გაიწმინდოს მტვრიანი ზედაპირები (მაგიდები, სკამები, ფანჯრის რაფები, გამათბობლები და სხვა).
– თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს შენობის გენერალური დასუფთავება არა მარტო სარეცხი საშუალებებით, არამედ სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებით. ამისთვის არსებობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სადეზინფექციო საშუალებები.
– ყოველდღიურ დეზინფექციას ექვემდებარება ყველა ოთახი, სადაც გამოვლინდა დაავადების შემთხვევა. სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების ხანგრძლივობა კერაში დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრების მითითებების შესაბამისად, დაავადების კერის ლიკვიდაციამდე.
– დეზინფექციის დროს ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს იმ ნივთების დამუშავებას, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ინფექციის გადაცემაში (ხშირად შეხებადი ზედაპირები, კარები, კარისა და ფანჯრის სახელურები, მაგიდის ზედაპირები). ჰაერ-წვეთოვანი ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით ხშირად უნდა განიავდეს საბავშვო ოთახები/კლასები (ყველა შესვენებაზე), გაიწმინდოს მტვრისგან, დასუფთავდეს სველი წესით. ნაწლავური ინფექციების გავრცელების პრევენციისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჭურჭლის, სასადილო მაგიდების ზედაპირების, სანიტარიულ-ტექნიკური აღჭურვილობის დეზინფექციის მართებულად ჩატარებას.