დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, დღეს დილით დეკანოზის კიდევ ერთ ძმას, მალხაზ მამალაძეს უცნობი პირი საკუთარ სახლში თავს დაესხა და ფულს სთხოვდა.
როგორც თორნიკე მამალაძე ამბობს, მამაკაცმა ჯერ დააზუსტა, ნამდვილად იყო თუ არა მალხაზი დეკანოზის ძმა და შემდეგ ფულის წართმევა სცადა, თუმცა ვერ მოახერხა.
"დილით, ექვსის ნახევარზე ჩემს ძმას უცნობმა პირმა კარზე დაუკაკუნა. მას შავი ხელთათმანები ეკეთა და ქუდი ეხურა. ჩემმა ძმამ კარი გაუღა და აღნიშნულმა პირმა ჰკითხა, ნამდვილად მამა გიორგის ძმა იყო თუ არა, რაზეც ჩემი ძმა დაეთანხმა. მამაკაცი ჩემ ძმას ბეჭებში ეცა და ფულს სთხოვდა. მალხაზმა უთხრა, რომ თანხა არ ჰქონდა და სახლიდან გაქცევა მოახერხა, შემდეგ კი სამართალმცველები გამოიძახა. ეს ყველაფერი პირდაპირ მუქარაზე მიუთითებს. წინა დღეებში გაკეთდა განცხადება, რომ უნდა შევეგუოთ მამა გიორგის სასჯელს. ეს ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ ხდება. მუქარაა პირდაპირ", - აცხადებს თორნიკე მამალაძე.