ავტორი: ქეთი ხატიაშვილი
ზუგდიდის მერიამ აჩვენა, რომ ის არა მხოლოდ არაკომპეტენტურია, არამედ კორუმპირებულიც. სწორედ ასეთ ეჭვებს აჩენს ზუგდიდში სტადიონის მშენებლობა: სტანდარტების სრული უგულებელყოფა, უხარისხო მწვანე საფარი და მახინჯი კონსტრუქცია.
ეს უკვე კლასიკაა. ზუგდიდის მერიამ ყველა რეკორდი მოხსნა. 20-მილიონიანი პროექტის განხორციელება აიღო თავის თავზე – უეფას სტანდარტების შესაბამისი სტადიონი უნდა ააშენოს – თუმცა, ის, რაც კეთდება, კორუფციას უფრო ჰგავს, ვიდრე სტადიონს.
ეს პროექტი ბევრ შეკითხვას ბადებს და არამხოლოდ კორუფციის მიმართულებით. როგორც ჩანს, ზუგდიდის მერიაში არაპროფესიონალები და საქმეში ჩაუხედავი ადამიანები მუშაობენ. სხვა შემთხვევაში ძნელია იმის ახსნა, რატომ აუშენეს სტადიონს საფართან ახლოს ბეტონის კედელი.
უეფას სტანდარტით, ნებისმიერი მესერი და სარეკლამო აბრა საფარიდან 6,5-7 მეტრის დაშორებით უნდა იყოს.
სტანდარტების დარღვევამ ერთხელ უკვე დაგვაყენა მწარე რეალობის წინაშე და საქართველომ შესაძლოა შესანიშნავი სპორტსმენი დაკარგა. საუბარია გიორგი ონიანზე, საქართველოს ორგზის ჩემპიონზე, რომელიც „სიონი“-„ტორპედოს“ მატჩის (2:0) დროს დაეცა და პირით ხაზს მიღმა, დაახლოებით ორ მეტრში რკინის ბოძს შეეჯახა. სერიოზული ტრავმა მიიღო, ოპერაციაც გაუკეთეს, სიკვდილს ძლივს გადაარჩინეს, მაგრამ საფეხბურთო კარიერის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
თუმცა, რაზეც მთელი საქართველო – პროფესიონალებსა და უეფაზე რომ აღარაფერი ვთქვათ – თანხმდება, ზუგდიდის მერიაში უკვირთ. ისინი აცხადებენ, რომ სტანდარტებს იცნობენ და პროექტს ამ სტანდარტების სრული დაცვით ახორციელებენ.
ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი თამაზ ბულია „აიპრესთან“ საუბარში ამტკიცებდა, რომ პროექტში უეფას სტანდარტის ყველა ნორმა მაქსიმალურად დაცულია და გალავანსა და სათამაშო ზოლს შორის დისტანცია ექვს მეტრამდეა.
„რაც პროექტშია, ზუსტად იგივე კეთდება აქ. პროექტს ექსპერტიზა გავლილი აქვს, როგორც საპროექტო ინსტიტუტში, ისე ფეხბურთის ფედერაციაში და ექსპერტიზის დასკვნაც გვაქვს. მანძილები დაცულია პროექტის მიხედვით, ეს კედელი 90 სანტიმეტრით არის მიწიდან ამოსული და ისიც დაცულია. მის გვერდით არის ზედაპირული წყლების სანიაღვრე, რომელიც „დრენაჟს“ უერთდება. ასე რომ, ეს აჟიოტაჟი საფუძველს მოკლებულია“, – განაცხადა ბულიამ.
სოციალურ ქსელებში ზუგდიდის სტადიონმა ლამის ყველა სხვა სადავო თემა გადაფარა.
უეფას მედიაოფიცერმა, ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების ხელმძღვანელმა მამუკა კვარაცხელიამ საგანგებო განცხადებაც კი გაავრცელა, სადაც ზუგდიდის მერიას კიდევ ერთხელ განუმარტა სტანდარტები:
„...მათ „ფეისბუკზე“ ფოტოების განთავსების შემდეგ, ფედერაციის ბევრმა შესაბამისმა მუშაკმა გაკვირვება გამოხატა აღნიშნული ბეტონის ბარიერის გამო. მეც პროფესიულმა ალღომ მიკარნახა და დასავლეთ საქართველოში სხვა სტადიონების სალიცენზიო ტურის ფარგლებში ზუგდიდის სტადიონზე შევიარე აღნიშნული ბეტონის კედლის სანახავად. ფიფას, უეფასა და სფფ-ს ყველა შესაბამისი დებულება თუ პარაგრაფი გვეუბნება: მანძილი გვერდითი ხაზიდან შემოღობვამდე – 6 მეტრი (შემოღობვაში იგულისხმება მყარი წინაღობა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ხიფათს შეუქმნის); მანძილი კარის ხაზიდან შემოღობვამდე – 7.5 მეტრი (შემოღობვაში იგულისხმება მყარი წინაღობა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ხიფათს შეუქმნის); მანძილი სარეკლამო დაფებამდე – გვერდითი ხაზიდან მინიმუმ 4 მეტრი, კარსუკან – 5 მეტრი, კუთხურებთან – 3 მეტრი (იგულისხმება სარეკლამო დაფები, რომელიც მინდვრის გარშემოა განლაგებული, რომელთა სიმაღლე არის 90-100 სმ), რომლებიც, ბუნებრივია, შესაბამისი რბილი მასალით არის დამზადებული, დევს მინდვრის დონეზე და მყარად არ არის ჩაფიქსირებული ნიადაგსა თუ სარბენ ბილიკზე.
...ზუგდიდის მშენებლებმა, ალბათ, არსებული ბეტონის შემოღობვა სარეკლამო დაფების მისამაგრებელ ადგილებად მიიჩნიეს, რაც, ბუნებრივია, ხიფათს შექმნის, თუკი ახლო მანძილიდან შეეჯახა ფეხბურთელი, რაც გიორგი ონიანის შემთხვევაში მოხდა“.
ქალაქ ზუგდიდის მერიის ქალაქმშენებლობის სამსახურის უფროსმა მამუკა ლოგუამ „ლელოსთან“ საუბარში რაიმე სახის სტანდარტების დარღვევა კატეგორიულად გამორიცხა:
„მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა, რომ სარეკლამო დაფები მოედნის გვერდითა ხაზიდან სამ მეტრში იდგმება. იმ სამი მეტრის შემდეგ ბარიერამდე ორი მეტრია და ისე იფუთება, რომ ფეხბურთელებისა და მოქალაქეების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი“.
სტანდარტები რომ დარღვეულია, ეს უკვე ყველამ გავიგეთ, თავად ზუგდიდის მერიის გარდა, და როგორც ჩანს, ახლა სადავო იქნება ხარისხიც. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოებიდანაც კარგად ჩანს, რომ სტადიონის საფარიც საკმაოდ საცოდავად გამოიყურება. ექსპერტები აქაც თანხმდებიან – ასეთ საფარზე ფეხბურთის თამაში შეუძლებელია.
პროექტის განხორციელებისას ზუგდიდის მერიამ ტენდერიც გამოაცხადა. რა თქმა უნდა, ჟურნალისტები ტენდერის პირობებითაც დაინტერესდნენ, ტენდერში მონაწილე ფირმებითაც და ხელშეკრულებითაც. „აიპრესის“ ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბარში ამბობს, რომ მერია დოკუმენტებს მალავს და არ ასაჯაროებს. „უკვე რვა თვეა, ვითხოვთ დოკუმენტებს და დღემდე არაფერი მიგვიღია“, – აღნიშნავს ჟურნალისტი.
საფარის ხარისხი რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, შეიარაღებული თვალითაც კარგად ჩანს.
თუმცა, საქართველოში არის ფირმა „Lawns of Georgia“, რომელიც უკვე წლებია, სტადიონის საფარს აგებს. თბილისსა და ზესტაფონში საწვრთნელ ბაზებსა და სათამაშო მოედნებზე სწორედ ამ ფირმის თანამედროვე საფარია დაგებული, აქ უკვე წლებია პროფესიონალები ვარჯიშობენ და თამაშობენ.
ზუგდიდის მერია ამბობს, რომ მათ საფარის დაგებაზე ტენდერი გამოაცხადეს. ტენდერში თურქულმა კომპანიამ გაიმარჯვა. ჩვენ არ ვიცით როგორია ხელშეკრულება. თუმცა, მერია იმდენად დაინტერესებულია დოკუმენტაციის დამალვით, რომ, როგორც ჩანს, ფასიც კორუფციული იქნება - საკმარისად მაღალი იმისთვის, რომ ჩინოვნიკებსა და ფირმას შორის გაიყოს. სხვა დასკვნის საშუალებას არსებული ვითარება არ იძლევა.
თუმცა, მაგალითად, საქართველოში მოქმედმა პროფილურმა კომპანია „Lawns of Georgia“-მ ამის შესახებ არაფერი იცოდა. პროექტი საკმაოდ ძვირად ღირებულია და ის საერთაშორისო სტანდარტებით უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, მერიას ფართო ჩართულობაზეც უნდა ეზრუნა. თუმცა, როცა რაღაცას მალავენ და არ ახმოვანებენ, როგორც წესი, კორუფციული ინტერესების გამო ხდება ხოლმე. ასე რომ, აქაც ბევრი კითხვა და ეჭვი ჩნდება.
აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ თავდაპირველი პროექტი სულ სხვანაირად გამოიყურებოდა და ის, რასაც ზუგდიდის მერია ფირმა „დაგი“ აშენებინებს, სულ სხვანაირია. დარღვეული სტანდარტებისა და უხარისხო მწვანე საფარის გარდა, სტადიონის ცენტრალური ლოჟაც არ არის გადახურული.
სოლიდური ფული იხარჯება. ახლა ზუგდიდის მერია თითს რატომღაც ფეხბურთის ფედერაციისკენ იშვერს. თუმცა, როგორც განმარტეს, ფედერაცია მხოლოდ რეკომენდაციებს გასცემს და ის დაპროექტებაში არ მონაწილეობს.