ქეთი დოლიძე: არასდროს არ უნდა მოიყვანო სამსახურში შენი უახლოესი მეგობარი... ეს არის პროვინციული შეთქმულება

11:45 10-09-2017
987

თუმანიშვილის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე თეატრში არსებულ ინტრიგებზე საუბრობს. მისი თქმით, ბრალდება, რომ თეატრში ,,თავისიანები" დაასაქმა უსაფუძვლოა. 

ქეთი დოლიძე რუსიკო ბოლქვაძეს კიდევ ერთხელ უპირისპირდება და ამბობს, რომ რუსიკო ბოლქვაძე წლებია მასზეა გადაკიდებული.

,,რაც შეეხება ოჯახის წევრებს, ვინ დავასაქმე? ჩემი შვილი თამარ ბზიავა ოფიციალური მსახიობია, რომელიც ყველაზე ნაკლებად არის დაკავებული ჩვენს თეატრში. ზურა გეწაძეს მშვენიერი მსახიობი ჰყავს ცოლი, შვილი, ყველანი ჩვენს თეატრში არიან, ამიტომ უნდა წავიდეთ? ნინელი და ზაზა ცოლ-ქმარი არიან და ამიტომ ერთად არ უნდა იმუშაონ? რა მარაზმია ეს??? დავიხოცოთ თუ რა ვქნათ? ყველაზე მეტად რუსიკო ბოლქვაძეა ჩემზე გადაკიდებული ამდენი წელი. არ დამავიწყდება როგორ ეუბნებოდა ერთხელ ბატონ მიშას, „გამოიბერტყეთ ყურები ბატონო მიშაო!“ არ დამავიწყდება ეს და არ ვაპატიებ! ბატონმა მიშამ გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე გადმომიქსეროქსა წერილები, რომელსაც ჩვენი თეატრის მსახიობები წერდნენ. მითხრა: ეს წერილები სწორედ თქვენთან უნდა ინახებოდეს, ქეთი, იმიტომ რომ მე ვიცი, როგორი არქივარიუსი ხართო. მე დავინდე ისინი, რომ არასდროს, არსად არ გამომიქვეყნებია ეს წერილები. თვითონ ხომ იციან, რას წერდნენ, რას მოითხოვდნენ: რომ თქვენ დაკარგეთ პრინციპები, ბატონო მიშა... თქვენ გვერდით გყავთ ადამიანები, რომლის ჭკუაზეც დადიხართ... ამიტომ ვამბობ სულ, რომ ეს თეატრი მე ჯერ 1997 წელს უნდა დამეტოვებინა. ამ ხალხმა, ვინც მე ასე მომექცა, მე კი არა, თემურ ჩხეიძე არ მოუშვა თუმანიშვილის თეატრში...", - განაცხადა ქეთი დოლიძემ. 

მისი თქმით, ყველაზე დიიდ შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა თეატრში მეგობარი მოიყვანა. 

,,მე და არა თუმანიშვილმა, დიდი შეცდომა დავუშვი, როდესაც მოვიყვანე ჩემი ბავშვობის მეგობარი ლიტნაწილად ჩვენს თეატრში!.. არასდროს არ უნდა მოიყვანო სამსახურში შენი უახლოესი მეგობარი, რომელთანაც რაღაც ხინჯები გაქვს ცოტათი მაინც. ვერაფრით მივხვდი, რატომ იყო ყველაფერში გარეული. ბატონ მიშას უნდოდა ადამიანი, რომელიც ოცდაოთხი საათი მის გვერდით იქნებოდა და ვთხოვე ლაშა თაბუკაშვილს, მისთვის დაეთმო ეს ადგილი! ძალიან ცუდი ვქენი. არაჩვეულებრივი ლიტერატორია, ყველა კარგი პიესის მთარგმნელი ეგ არის, მაგრამ... ახლა დოკუმენტურად ვიცი, როგორი შემოქმედი იყო ჩემი წასვლის, თუ არადა, სად არის? ხმას რატომ არ იღებს? პირველად ვამბობ, იმიტომ რომ შეიძლება მერე ვეღარ მოვასწრო ამის თქმა. ეს არის პროვინციული შეთქმულება, პროვინციალიზმი სოფლელობა კი არ არის, ტვინის, სულის პროვინციალიზმს ვგულისხმობ და უკიდეგანო შური, ბოღმა, რის მიმართ, თვითონაც არ ვიცი!", - განაცხადა ქეთი დოლიძემ.