ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი
ადვოკატსა და პოლიციის მაღალჩინოსანს შორის წარმოებულ სამართლებრივ დავაზე საბოლოო ვერდიქტი ერთ კვირაში გამოცხადდება. სასამართლოში საბრალდებო სკამზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-5 განყოფილების ყოფილი უფროსი ლაშა კვირკვაია ზის, რომელსაც პროკურატურამ ბრალი ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე წაუყენა, თუმცა ბრალდებული დღემდე ირწმუნება, რომ დაკავებული არასრულწლოვნის დასაცავად პოლიციის განყოფილებაში მისული ადვოკატი არავის უცემია. კვირკვაია ამბობს, რომ გიორგი მდინარაძემ საქმის გაჭიანურებისა და შექმნილი დისკომფორტის გამო (ადვოკატი პოლიციის განყოფილებაში ღამის საათებში გამოცხადდა), მან უბრალოდ თვითდაზიანებები მიიყენა. ეს გახმაურებული შემთხვევა, 2015 წლის 8 ნოემბერს მოხდა. ორწლიანი სასამართლო განხილვები კი რამდენიმე დღეში, უფრო ზუსტად, 16 ოქტომბერს დასრულდება.
ამ ხნის განმავლობაში „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა არაერთი მტკიცებულება, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნები, მოწმეთა ჩვენებები და თავად გიორგი მდინარაძის მიმართ 2007 წელს გამოტანილი სასამართლოს განაჩენი სისხლის სამართლის საქმეზე და 2011 წლის სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საქმეზე. ეს მასალები, როგორც დაზარალებულის პიროვნული მახასიათებლების აღმწერი მტკიცებულება, ლაშა კვირკვაიას ადვოკატებმა გამოითხოვეს და სასამართლომაც ისინი მტკიცებულებათა ნუსხაში შეიტანა, თუმცა სულ ახლახან ცნობილი გახდა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, თამარ ქალდანის გადაწყვეტილება, რომელმაც ამ ინფორმაციის გაცემის გამო, სახელმწიფო უწყებები სამართალდამრღვევებად ცნო.
„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რეალურად რას ცვლის ინსპექტორის დასკვნა ლაშა კვირკვაიას სისხლის სამართლის საქმეში და რა მოლოდინი აქვთ მხარეებს საბოლოო განაჩენის გამოცხადებიდან რამდენიმე დღით ადრე.
გიორგი მდინარაძე, ადვოკატი:
– გიორგი, რას ცვლის პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის გადაწყვეტილება თქვენსა და ლაშა კვირკვაიას შორის მიმდინარე სამართლებრივ დავაში?
– ძალიან ბევრ რამეს ცვლის. ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ კვირკვაიას მხარემ უკანონოდ მოიპოვა ის დოკუმენტები, რომელზეც აპელირებდნენ. ეს ყველაფერი ინახებოდა არქივში, რადგან საუბარია წლების წინანდელ საქმეებზე და მას არანაირი სამართლებრივი დატვირთვა აღარ ჰქონდა. საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, ეს დოკუმენტაცია მტკიცებულებად საერთოდ არ მიიჩნევა. ტყუილად ჰქონდათ საქმეში დართული და დადასტურდა, რომ წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლეს ეს მტკიცებულებები დასაშვებად არ უნდა ეცნო. ასევე, დადასტურდა, რომ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა და რუსთავის საქალაქო სასამართლომ, სადაც წლების წინათ ეს განაჩენი დადგა, უკანონოდ გადასცა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოს ძველი გადაწყვეტილებები, შსს-მ კი ეს ინფორმაცია ასევე კანონდარღვევით მისცა მესამე პირს, ამ შემთხვევაში ლაშა კვირკვაიას. ეს ყველაფერი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა კანონდარღვევად ცნო. ამის გამო, სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი საერთო სასამართლოების დეპარტამენტი, რუსთავის საქალაქო სასამართლოც და შინაგან საქმეთა სამინისტროც.
– თუმცა ინსპექტორს ასეთ შემთხვევებში აქვს სამართალდამრღვევი უწყებების დაჯარიმების მექანიზმი... ამ შემთხვევაში კი არანაირი ფულადი ჯარიმა არცერთ უწყებას არ დაკისრებია... რატომ?
– პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონში არის გარკვეული ხარვეზი, რის გამოც ვერ მოხერხდა დაჯარიმება. ანუ სამართალდარღვევის ჩადენიდან ინსპექტორს აქვს ორთვიანი ვადა ჯარიმის დასაკისრებლად. ვინაიდან ეს ვადები უკვე გასული იყო, ფიზიკურად სანქციის დაკისრება ვერ მოხერხდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კანონი არ დაურღვევიათ.
– თუკი ეს მასალა მართლაც უკანონოდ იყო მოპოვებული, როგორ აღმოჩნდა ის მტკიცებულებათა ნუსხაში? გინდა თქვა, რომ მოსამართლემ არ შეისწავლა მტკიცებულებების კანონიერების საკითხი?
– მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილება წინასასამართლო სხდომაზე. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე სასამართლო დასაშვებობის საკითხს აღარ განიხილავს. ის უბრალოდ აფასებს, გაზიარებადია თუ არა ეს მტკიცებულებები. თავის დროზე იქნა შეცდომა დაშვებული, როდესაც წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ ეს მტკიცებულებები ჩადო საქმეში.
– თუმცა იმის მიუხედავად, რა გადაწყვეტილება გამოიტანა ინსპექტორმა, ფაქტია, რომ მოსამართლე უკვე იცნობს ამ დოკუმენტებს და გარკვეულწილად შინაგანი განწყობაც ჩამოუყალიბდებოდა... შესაბამისად, მაინტერესებს, სასამართლოს საბოლოო ვერდიქტზე ინსპექტორის გადაწყვეტილება რამდენად მოახდენს გავლენას?
– მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს ბრალდებულის მიმართ და არა დაზარალებულის მიმართ. ეს ე.წ. მტკიცებულებები რა კავშირშია ბრალდებულთან, იქნებ ვინმემ ამიხსნას? გარდა ამისა, მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე. კვირკვაიას სურს, თავისი დანაშაული ასეთი ქმედებებით გადაფაროს, მაგრამ მერწმუნეთ, ეს არ გამოუვა. ეს იყო წინასწარ შეთანხმებული შსს-თან. აბა, მე როგორც ადვოკატმა, მოვითხოვო მესამე პირზე არსებული პერსონალური მონაცემები, მომცემენ? რა თქმა უნდა, ეს გამორიცხულია. გარდა ამისა, ლაშა კვირკვაიას ძმის ქმედება შეისწავლა სახალხო დამცველმაც. ეს ადამიანი, ასევე, გახლავთ პოლიციის თანამშრომელი. ომბუდსმენმა მიიჩნია, რომ ლევან კვირკვაიამ დაარღვია პოლიციის შესახებ კანონი, ვინაიდან სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენა მისი ძმის სასარგებლოდ. ახლა ველოდებით, რა რეაგირებას მოახდენს შსს ომბუდსმენის რეკომენდაციაზე.
– როგორია თქვენი მოლოდინი... იმედი გაქვთ, რომ სასამართლო თქვენს პოზიციას გაიზიარებს?
– დარწმუნებული ვარ, რომ გამამტყუნებელი ვერდიქტი დადგება და ლაშა კვირკვაიას სასამართლო დარბაზიდან პირდაპირ მატროსოვის ციხეზე გადაიყვანენ. ჩემი თვითმიზანი არ არის ვინმეს ციხეში გაშვება, მაგრამ ეს უნდა იყოს მაგალითი სხვა პოლიციელებისთვის.
– დაბოლოს, გკითხავთ, თქვენ ახსენეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა... დარწმუნებული ხართ, რომ ეს ერთობლიობა თქვენს სასარგებლოდ მეტყველებს? როგორც ცნობილია საქმეში დევს ორი ექსპერტიზის დასკვნა – დამოუკიდებელი ექსპერტი მიიჩნევს, რომ შესაძლოა თქვენ თვითდაზიანებები მიგეყენებინათ, სამხარაულის ექსპერტი კი არცერთ ვარიანტს არ გამორიცხავს... როგორც მინიმუმ, არცერთი დასკვნა კვირკვაიას საწინააღმდეგოდ არ მეტყველებს... გარდა ამისა, სასამართლოში დაიკითხა არაერთი მოწმე, რომელიც სწორედ კვირკვაიას პოზიციებს ამყარებს. შესაბამისად, მაინტერესებს რაში მდგომარეობს მტკიცებულებათა ის ერთობლიობა, რომელიც თქვენ ოპტიმიზმის საფუძველს გაძლევთ?
– არცერთი ექსპერტი არ ამბობს დაბეჯითებით, რომ მე თვითდაზიანებები მივიყენე. დამოუკიდებელმა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა სასამართლოშივე აღნიშნა, ჩემი დასკვნა არ არის კატეგორიული და ის გახლავთ სავარაუდოო. ერთადერთი, კატეგორიულად რასაც ამბობს, ყურის მიდამოში არსებული დაზიანებაა და წერს, რომ ეს დაზიანება შეუძლებელია მიყენებული იყოს ისე, როგორც გიორგი მდინარაძე აღწერსო. სხვა მხრივ, რაიმე კატეგორიულ მსჯელობას ადგილი არ ჰქონია, ისევე როგორც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ. არცერთი დასკვნა კატეგორიული არ არის. რაც შეეხება პოლიციელების ჩვენებებს კვირკვაიას სასარგებლოდ, ეს იყო ერთმანეთთან სრულიად შეუსაბამო ჩვენებები, ერთი ამბობს, რომ თითქოს კვირკვაიას ყური ავუწიე და ამიტომ მოხდა ჩემი ადმინისტრაციული წესით დაკავება, მეორე ამბობს, რომ თითქოს შემოვარტყი, მესამე ამბობს, რომ ყური ავუწიე და მერე შემოვარტყი და ა.შ. ანუ სრულიად წინააღმდეგობრივი ჩვენებებია, რასაც არანაირი ძალა არ გააჩნია. ისინი არიან კვირკვაიას მეგობრები და მათაც აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება ცრუ ჩვენების მიცემის გამო. ამის პარალელურად, არსებობს ჩემი, ჩემი მეუღლის, დაკავებული არასრულწლოვნის, მისი მამის და სხვა არაერთი ადამიანის ჩვენება, რომელიც რეალურად ასახავს, რა და როგორ მოხდა. გარდა ამისა, კედელზე არსებული სისხლის კვალი დაემთხვა ჩემს გენეტიკურ პროფილს, არადა თავად კვირკვაია ამბობდა, რომ ამ კედელთა შეხება არ მქონია.
„პრაიმტაიმი“, ასევე, დაინტერესდა ბრალდებულის პოზიციით. სად წავა 16 ოქტომბერს, განაჩენის გამოცხადების შემდეგ ლაშა კვირკვაია – მატროსოვის ციხეში თუ სახლში? რას ფიქრობს ის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დასკვნაზე, რომელიც საქმეში სასამართლო განხილვის ბოლო ეტაპზე გამოჩნდა?
ლაშა კვირკვაია, ბრალდებული:
– პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თქვა, რომ მდინარაძის სარჩელი ხანდაზმულია და, შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახდელს ვერ დააკისრებს, თუმცა გადაწყვეტილებაში ჩაწერა, რომ სამინისტროს არ უნდა გაეცა ეს ინფორმაცია. ჩვენ ეს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ამ ინფორმაციის გაცემა სწორედაც რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, რათა სასამართლოში დაცული იყოს შეჯიბრებითობის პრინციპი და ხელი შეეწყოს სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებას, თუმცა ამასაც რომ თავი გავანებოთ, ინსპექტორი თავადვე წერს, რომ სარჩელი ხანდაზმულია. შესაბამისად, მას საერთოდ არ ჰქონდა უფლება, ამ საკითხზე ემსჯელა.
– მდინარაძე ირწმუნება, რომ ეს მტკიცებულებები უკანონოდ იქნა მოპოვებული და შესაბამისად, არ უნდა გამხდარიყო სასამართლო მსჯელობის საგანი?
– სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში პირდაპირ წერია, რა შეიძლება გახდეს მტკიცებულების დაუშვებლობის მიზეზი: „ამ კოდექსის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე მოპოვებული კანონიერი მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის მდგომარეობას“. ანუ კანონი ამბობს, რომ მტკიცებულება დაუშვებლად შეიძლება იქნეს ცნობილი, თუ ის ბრალდებულის, ამ შემთხვევაში ჩემს სამართლებრივ მდგომარეობას აუარესებს. ეს მტკიცებულება კი პირიქით, ბრალდებულის სასარგებლოდ მეტყველებს და ცხადია, მისი დაუშვებლად ცნობა პირდაპირ ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს.
– და რა გზით მოიპოვეთ ეს მტკიცებულებები?
– ჩვეულებრივ. მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მათ მიმართეს არქივს და გადმოგვეცა ეს დოკუმენტები. საიდან და როგორ მოვიპოვეთ, ეს მშვენივრად იცის პროკურატურამაც და სასამართლომაც. არცერთ ამ უწყებას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია მათი მოპოვების კანონიერება. შესაბამისად, მოსამართლე ინსპექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე ვერ ცნობდა დაუშვებელ მტკიცებულებად. მან, უბრალოდ, თამარ ქალდანის ეს დოკუმენტი საქმის მასალებს ცნობის სახით დაურთო.
– და რაზე მეტყველებს ეს მტკიცებულებები, რატომ არის თქვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი? იქნებ კიდევ ერთხელ განვუმარტოთ მკითხველს...
– საუბარია გიორგი მდინარაძის მიმართ წარსულში გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებებზე, სადაც ის ზუსტად ანალოგიური პროვოკაციების გამო კანონდამრღვევად იქნა ცნობილი. 2007 წელს, როდესაც ის პროკურატურის სისტემაში საქმიანობდა, პროკურორებთან მოუხდა ჩხუბი, თავის კოლეგებს დააბრალა ქურთუკის ქურდობა და დაამტვრია რესტორნის ინვენტარი. ამის გამო 2007 წელს სისხლის სამართლის წესით, ხულიგნობის ბრალდებით გაასამართლეს. მეორე ანალოგიური პროვოკაცია მოაწყო 2011 წელს, როდესაც პატრულის მანქანის ქვეშ შეძვრა და აღარ გამოდიოდა. ეს განაჩენები ცალსახად აღწერს გიორგი მდინარაძის პიროვნებას, მის დამოკიდებულებას სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, შესაბამისად, საჭიროდ ჩავთვალეთ ამ მტკიცებულებების გამოთხოვა და სასამართლოში წარდგენა. ამ განაჩენებით დგინდება, რომ გიორგი მდინარაძეს მინიმუმ ერთხელ უკვე აქვს მიცემული ცრუ ჩვენება სასამართლოსთვის.
– რას გულისხმობთ?
– 2007 წელს, როცა ხულიგნობაზე დაიჭირეს, მდინარაძემ უთხრა სასამართლოს, რომ ის გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. ეს პირდაპირ წერია სხდომის ოქმში. 2011 წელს კი, როდესაც ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ მას ცხოვრებაში კანონი არ დაურღვევია. როდის ამბობდა ის სიმართლეს – 2007 წელს თუ 2011 წელს? ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამ ადამიანისთვის სასამართლოს მოტყუება არაფერს არ ნიშნავს და თავისუფლად შეუძლია ცრუ ჩვენების მიცემა. შესაბამისად, ეს გარემოებაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის ჩემთან მიმართებაშიც იძლევა ცრუ ჩვენებას. რეალურად არანაირ ცემას ადგილი არ ჰქონია და მან თვითდაზიანებები მიიყენა.