"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი საკრებულოს წინ აქციის გამართვას გეგმავს და ყველას მოუწოდებს, რომ ივანიშვილისთვის მიწების დაკანონებას შეეწინააღმდეგონ.
"ცოტა ხნის წინ თბილისის საკრებულომ ჩანიშნა სხდომა სადაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობა გეგმავს დაუკანონოს ბიძინა ივანიშვილს პუშკინის სკვერი და თაბორის მთაზე მდებარე ახალი ტერირტორია. სხდომა ხვალ 4 საათზეა დანიშნული. დღეს მე დილით მოვედი საკრებულოში რათა საკრებულოსგან და მისი ხელმძღვანელობისგან უშუალოდ მომეთხოვა თუ როდის გეგმავდენენ ისინი სხდომის ჩანიშვნას, რათა მალულად არ მომხდარიყო ამ საკითხის განხილვა. შემოსული არ ვიყავი შენობაში, რომ ხუთ წუთში დაიგზავნა მესიჯები, რომ ხვალ ოთხ საათზე დაინიშნა სხდომა. ბუნებრივია ხვალაც იგივეს ველოდებით თბილისის საკრებულოსგან, რაც ხდებოდა აქ 29 სექტემებერს, როდესაც საკრებულო გადაავსეს პოლიციით, სუსის ზონდერებით რათა სასწარაფოს მიეღოთ ეს გადაწყვეტილება. ანალოგიური ვითარება იქნება ალბათ ხვალაც და ალყაშემორტყმული დაგხვდება ეს შენობა პოლიციით. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა არცერთი ნაბიჯით არ ვაპირებთ უკან დახევას. ეს უკვე არ ეხება არც პოლიტიკას, არც არჩევნებს, ეს ეხება ჩვენ სახლს, ჩვენ თბილისს. ჩვენ არ ვგეგმავთ, რომ ერთ ლარად გადავცეთ ქალაქის ისტორიული ნაწილი ბიძინა ივანიშვილს და დავუკანონოთ ახალი ტერიტორიები თაბორის მთაზე. ეს ბრძოლა ნამდვილად იქნება. არ ვაპირებთ რაიმეს დათმობას, ვინაიდან საქმე ეხება ჩვენ ქალაქს და ამ ბრძოლაში, თბილისი არის მართალი. ხვალ, 2 საათზე ყველას გელოდებით თბილისის საკრებულოსთან, ერთად დავიცვათ თბილისი მტაცებელი ივანიშვილისგან და ერთად დავიტოვოთ ის ტერიტორიები თბილისისთვის, რომელიც ამ ქალაქისთვის არის უმნიშვნელოვანესი. ასე, რომ ჩემო თბილისელებო, ჩემო მეგობრებო, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ ქალაქის ხვალინდელი დღე, ხვალ ყველას გელოდებით თბილისის საკრებულოსთან“- განაცხადა უდუმაშვილმა.