პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, ის, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს საკონსტიტუციო პროექტის ექვს საკითხს ვეტო დაადო, ამაში განსაკუთრებული არაფერია და მოსალოდნელიც იყო.
როგორც ექსპერტმა "პრაიმტაიმთან" საუბარში აღნიშნა, პრეზიდენტის ამ ვეტოთი პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის კონსენსუსის შანსი განულდა.
"ეს მოლოდინი იყო და არავის გარკვირვებია მგონი. რაც შეეხება ვეტოს ფორმულრიებას, სიმართლე გითხრათ, მაინც მგონია, რომ გავუშვით სერიოზული შესაძლებლობა იმისა, რომ რეალური კონსენსუსისთვის მიგვეღწია, მაგრამ როგორც ხდება საქართველოში, მუდმივად ორ მონოლოგთან გვაქვს საქმე. დაპირისპირებული მხარეები რეალურად ამ დაპირისპირებით იკვებებიან და შეთანხმება არავის უნდა და ამის მაგალითი ვნახეთ. მე მესმის ადამიანურად პრეზიდენტის რატომ მოხდა ასე, მაგრამ ვფიქრობ, რომ მას ჰქონდა შანსი, შეეცვალა დღის წესრიგი", - განაცხადა ხუხაშვილმა.
ექსპერტი ფიქრობს, რომ პრეზიდენტს შეეძლო ის წინადადებები, რაც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით წარმოადგინა, აძლევდა ორივე მხარეს სახის შენარჩუნების შანსს.
"ვფიქრობ, პრეზიდენტს დისტანცირება რომ მოეხდინა ოპოზიციური პარტიების "გარკვეული პრინციპულობისგან", წაადგებოდა საქმეს და გარკვეულ შანსებს დატოვებდა, რომ რეალური კონსენსუსი შემდგარიყო. მან ეს ვერ გააკეთა გამომდინარე იქიდან, რომ ისიც ადამიანია, ხელისუფლებისგან ბევრი შეურაცხყოფა მიიღო, ხშირ შემთხვევაში დაუმსახურებელი და მან ასეთი პოლიტიკური არჩევანი გააკეთა. მე პირადად ეს არჩევანი არ მომწონს, რაღაცნაირად შევეცდებოდი, რომ პოლიტიკური პროცესისგან დისტანცირება მომეხდინა. უნდა შეენარჩუნებინა დიდწილად ის სიმპატიური სტატუსი, რაც ჰქონდა ამ ვეტომდე", - განაცხადა ექსპერტმა.
პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ხელი არ მოაწერა. გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტს უკან, მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს. საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი მესამე მოსმენით 26 სექტემბერს, 117 ხმით მიიღო.