ამ ერთიანობის გადათქმა პრეზიდენტის მხრიდან სირთულეებს შეუქმნიდა - საყვარელიძე პრეზიდენტის ვეტოზე

19:52 10-09-2017
304

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის მიერ დღეს საკონსტიტუციო პროექტის 6 საკითხისთვის ვეტოს დადება მოსალოდნელი იყო. ამის შესახებ ექსპერტმა "პრაიმტაიმთან" საუბარში აღნიშნა და განაცხადა, რომ პრეზიდენტი სხვაგვარად რომ მოქცეულიყო, ამით ოპოზიციურ პარტიებთან ურთიერთობაში სირთულეები შეექმნებოდა. 

"მოსალოდნელი იყო, იმდენჯერ გაუსვა ხაზი თავის პოზიციას, იმდენჯერ გაესვა ხაზი იმას, რომ ეს პოზიცია ერთიანია ოპოზიციურ პარტიებსა და პრეზიდენტს შორის, რომ ახლა ამ ერთიანობის გადათქმა პრეზიდენტის მხრიდან სირთულეებს შეუქმნიდა გინდ იმ პარტიებთან ურთიერთობაში და გინდ იმიჯში. თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ვეტოს დაადებდა. თან დაადებდა უფრო დიდ სპექტრს საკითხებისა, ვიდრე უმრავლესობას ჰქონდა წარდგენილი", - აცხადებს საყვარელიძე.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ მოტივირებულ შენიშვნებში კონკრეტულად 2020 წლიდან პროპორციულ საარცევნო სისტემაზე გადასვლას, ექსპერტი ფიქრობს, რომ დემოკრატიას არც მაჟორიტარული წესი უშლის ხელს.

"დემოკრატიას არც მაჟორიტარული სისტემით ვღალატობთ, არც შერეული სისტემითაც და მეჩვენება, რომ ეს აკვიატება, რომ თუ პრორპორციული არ იქნება, დემოკრატია დაინგრევა, ხელოვნურია და არცერთ კრიტერიუმში არ ჯდება, ამიტომ თავისთავად ეს საკითხი სწორად დაყენებულად არ მიმაჩნია", - განაცხადა საყვარელიძემ. 

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ხელი არ მოაწერა. გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტს უკან, მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს. საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი მესამე მოსმენით 26 სექტემბერს, 117 ხმით მიიღო. 
 

 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე