"ბიუჯეტი, რომელიც იდეალურია და ყველას დაგვაკმაყოფილებს, ჩვენს პირობებში ჯერჯერობით ვერ იქნება, თუმცა ზრდა არის და ეს ზრდა საგრძნობია, რაც ოპტიმიზმის საფუძველია", - ასე აფასებს დეპუტატი ნუკრი ქანთარია 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განათლების მიმართულებით.
მისი თქმით, კარგია, რომ განათლება საგრძნობლად არის დაფინანსებული, მაგრამ ის, როგორც კულტურის წარმომადგენელი, ბიუჯეტის პროექტით უკმაყოფილოა.
"რა თქმა უნდა, ვერ ვარ კმაყოფილი იმით, რაც კულტურასთან არის დაკავშირებული. არის 16 მილიონის დამატება, რომელიც მიზნობრივია და ფრანკფურტის ბაზრობას მოემსახურება, დანარჩენი ზრდა არ არის. სანამ არ დავიჯერებთ ერთ რამეს, რომ განათლების საფუძველი ეს არის კულტურა, მანამდე ალბათ ძალიან გაჭირდება კულტურის დაფინანსება. ვფიქრობ, რომ კულტურა გერის როლში არ უნდა იყოს",- განაცხადა ქანთარიამ.
პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება. ამჯერად - განათლებისა და კულტურის კომიტეტში.
ავტორი: ლიზი არსოშვილი