საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა მოუწოდებს ყველა შესაბამის პოლიტიკურ მოთამაშეს, გააგრძელონ ერთად მუშაობა ახალი კონსტიტუციის მიღების პროცესის დასასრულებლად.
ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას ,,პრაიმტაიმი" უცვლელად გთავაზობთ.
”ევროკავშირმა წლის დასაწყისშივე გამოთქვა მოლოდინი, რომ საქართველოს კონსტიტუციაში საფუძვლიანი შესწორებების შეტანა ფართომასშტაბიანი და ყოვლისმომცველი კონსულტაციების საფუძველზე წარიმართებოდა და განამტკიცებდა დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. ჩვენ მივესალმეთ საქართველოს პარლამენტის მტკიცე განზრახვას ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების გამართვისა და მისი რეკომენდაციების კონსტიტუციაში სრულად ასახვის შესახებ.
ევროკავშირის წარმომადგენლობა იზიარებს ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას, რომელიც დადებითად აფასებს საკონსტიტუციო რეფორმას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს რეფორმა დაასრულებს საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის პროცესს.
მიუხედავად ზემოთქმულისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების გადავადებასთან დაკავშირებით. ასევე, კომისია გამოთქვამს რამდენიმე კონკრეტულ რეკომენდაციას რელიგიის თავისუფლების საკითხზე და მართლმსაჯულების სფეროში.
რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, ოპოზიციურ ძალებსა და პროცესის სხვა მონაწილეებს შორის პოლიტიკურ კონსულტაციებს, ევროკავშირის წარმომადგენლობა წუხილს გამოთქვამს, რომ კონსტიტუციაში შესწორებების შეტანის საკითხზე უფრო ფართო კონსენსუსის მიღწევის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა სათანადოდ არ იქნა გამოყენებული.
ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით გამოვთქვამთ რწმენას, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ერთგული დარჩება თავისი განზრახვისა, დაუშვას საარჩევნო ბლოკების შექმნა და შემოიღებს საპროცენტიან ბარიერს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის; ასევე, გააუქმებს ბონუსს გამარჯვებული პარტიისთვის მას შემდეგ, რაც სრულად იქნება შემოღებული პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ევროკავშირის წარმომადგენლობა მოუწოდებს ყველა შესაბამის პოლიტიკურ მოთამაშეს, გააგრძელონ ერთად მუშაობა ახალი კონსტიტუციის მიღების პროცესის დასასრულებლად”, - ნათქვამია განცხადებაში.