საქართველოს ჰყავს სამართალმცოდნე, რომელიც ტოლს არ დაუდებს სტრასბურგის სხვა ქვეყნის მოქმედ მოსამართლეს - წულუკიანი ჭანტურიაზე

12:41 10-11-2017
103

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი  საზოგადოებას სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის პროცედურის წარმატებით დასრულებას ულოცავს. როგორც წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ჰყავს ევროპულად მოაზროვნე, პროფესორი, დოქტორი და სამართალმცოდნე, „რომელიც ტოლს არ დაუდებს სტრასბურგის სასამართლოს ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქმედ მოსამართლეს”.

„გუშინ, ლადო ჭანტურია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ აბსოლუტური უმრავლესობით ხმებისა იქნა არჩეული საქართველოდან ევროპული სასამართლოს მოსამართლედ. მან 179 ხმიდან დააგროვა 120 ხმა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მეორე ტური არ გამართულიყო. ამით დაახლოებით 2 წლიანი რთული პროცესი, მათ შორის ჩემთვისაც, როგორც კომისიის თავმჯდომარისთვის, დასრულდა. დასრულდა წარმატებით, გამარჯვებით, რადგან საქართველოს ჰყავს ევროპულად მოაზროვნე, პროფესორი, დოქტორი და სამართალმცოდნე, რომელიც ტოლს არ დაუდებს სტრასბურგის სასამართლოს ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქმედ მოსამართლეს, რაც ქვეყნის პრესტიჟისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე