პაატა იმნაძე - აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს

14:05 10-11-2017
108

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, თუმცა მის მიმართ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს ალერგია. 

"ფაროსანა არ მიეკუთვნება იმ მწერების კატეგორიას, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემხებლობა აქვს. ასეთები გახლავთ, კოღოები, ტკიპები, რწყილები და ა.შ. ბუზმაც კი შესაძლოა მექანიკურად გადაიტანოს მიკრობები, მაგრამ ფაროსანა ასეთ მწერებს არ განეკუთვნება. ანუ ადამიანის ჯანმრთელობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ერთადერთი, რაც შეიძლება ფაროსანასთან იყოს დაკავშირებული ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა მწერთან და ნებისმიერ სხვა მცენარესთან, ეს არის ალერგია. ფაროსანას კბენა არ ახასიათებს. ფაროსანა ადამიანის დაავადებების მხრივ საშიში არ არის, საშიშია იმით, რომ დიდ ეკონომიურ ზარალს იწვევს და ანადგურებს მოსავალს", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე განმარტებით, მავნებელი მწერი ზამთარში თბილ ადგილებს ეძებს, ამიტომ სეზონის ამ დროს, რაც მეტი ფაროსანა განადგურდება, მით უფრო ნაკლებია რისკი გაზაფხულზე მისი გავრცელების.