ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ადვოკატებმა პაატა მეხრიშვილმა და სულხან კომახიძემ საგამოძიებო უწყება ისე დატოვეს, რომ ჩვენება არ მიუციათ.
როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, მათ გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება, რომ არ მიეცათ ინფორმაცია იმ საქმეზე, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს.
ადვოკატებმა პაატა მეხრიშვილმა და სულხან კომახიძემ განაცხადეს, რომ ჩვენების მიცემას არ აპირებენ არც სასამართლო სხდომაზე მოსამართლის თანდასწრებით.
შეგახსენებთ, რომ ჩვენება არც აქამდე დაბარებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს - მიხეილ რამიშვილს, გიორგი ფანცულაიასა და მია ზოიძეს მიუციათ.
მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის მოწმეების ჩვენებების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება 3 ოქტომბერს დაიწყო.