ყველაზე მწვავე პრობლემებს ეს ბიუჯეტი ვერ პასუხობს - გიგი წერეთელი

17:06 10-12-2017
138

მიუხედავად ხელისუფლების განცხადებებისა, რომ ბიუჯეტი იზრდება, ყველაზე მწვავე პრობლემებს ეს ბიუჯეტი ვერ პასუხობს - ეს განცხადება "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი წერეთელმა ფრაქციის სხდომის შემდეგ გააკეთა, რომელზეც ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს უსმენდნენ.

როგორც მან განმარტა, ყველაზე მწვავე პრობლემებია სიღარიბე, პენსიები.

"ძალიან ბევრია ისეთი პროგრამა და დანახარჯი, რომლიც არ უნდა იხარჯებოდეს და გაცილებით უკეთ შეიძლება ამ თანხების დახარჯვა. ჩვენ ვნახავთ , რას გაითვალისწინებს მთავრობა, როცა მეორედ შემოიტანს ბიუჯეტს და ამის შემდეგ იქნება საბოლოო დასკვნის გაკეთების საშუალება",- განაცხადა გიგი წერეთელმა. მისი თქმით, ახალ ბიუჯეტში დიდია ბიუროკრატიული ხარჯები. "ამის ძალიან კარგი მაგალითი იყო შუშის ახალ შენობაზე საუბარი. თუ არ ვცდები დაახლოებით 5 მილიონი უნდა დაიხარჯოს ამაზე. არაფერს ვამბობ პრემია დანამატებზე და სხვა მიმართულებაზე, რაც საყოველთაოდ ცნობილია და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა ამ ბიუჯეტის, როცა უფასო სასადილოებში მომლოდინე 7ათას ადამიანს თბილისში სჭირდება სულ რაღაც 3 მილიონი და ეს ფული არ არის, სუს-ის შენობაზე 5 მილიონის დახარჯვა არ მიგვაჩნია სწორად და ასეთი შენიშვნები მუდამ გვექნება",- განაცხადა გიგი წერეთელმა.

ლიზი არსოშვილი