გიორგი ბახუტაშვილი: „წინა დღეს გავიგე, რომ მეორე დღეს „ნიჭიერის“ ჩაწერა მქონდა“ - exclusive

15:38 10-16-2017
795

16 ოქტომბერს „ნიჭიერმა“ ახალ არხზე აიღო სტარტი. „იმედის“ ეთერში მეგაშოუ დაიწყო. ჟიურის წევრებს შორის ყველაზე გამოუცდელი ამ კუთხით გიორგი ბახუტაშვილია. გიორგი „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ შეიყვარა მაყურებელმა. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი დიდი ხანია სერიალში აღარ თამაშობს, ცოტნიკოს ფრაზები და გიფები დღემდე პოპულარულია. ამ სერიალის შემდეგ მსახიობმა არაერთი ამპლუა მოირგო. ჯერ იყო შოუს „შენ შეგიძლია ცეკვა“ წამყვანი, შემდეგ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მიიღო მონაწილეობა ჯულიანა ბარგნართან ერთად და გაიმარჯვა კიდეც, ახლა კი „ნიჭიერის“ ჟიურის წევრი გახლავთ. როგორ მოირგო მსახიობმა ახალი „როლი“, მაყურებელი შეაფასებს. მანამდე კი „პრაიმტაიმი“ გიორგის შოუს სირთულეებზე, საინტერესო ნომრებსა და სხვა საინტერესო თემებზე ესაუბრა.
– გიორგი, აბსოლუტურად ახალ ამპლუაში ევლინები მაყურებელს. იფიქრე, სანამ ამ წინადადებას დასთანხმდებოდი?
– ფიქრისა და ნერვიულობის დრო არ მქონია. წინა დღეს გავიგე, რომ მეორე დღეს „ნიჭიერის“ ჩაწერა მქონდა. არ ვიცი, ეს როგორ მოხდა, ალბათ, მანანდე პროდიუსერებმა იცოდნენ, მაგრამ მე გვიან მითხრეს. შეიძლება ეს კარგიც იყო, ნერვიულობა ვერ მოვასწარი.
– დიდი პასუხისმგებლობაა „ნიჭიერის“ ჟიურის წევრობა. ამ მხრიდან როგორ აღიქვამ შენს ახალ სამსახურს?
– საპასუხისმგებლოა ნამდვილად, ბევრი სირთულე ახლავს, მაგრამ ამავდროულად სასიამოვნო ამპლუაა. მთავარია, რა გამოვა საბოლოოდ. ჯერჯერობით დადებითი და უარყოფითი მხარეები თანაბრად აქვს ჩემს ახალ ამპლუას.
– რა არის ყველაზე რთული შენთვის?
– რთულია, იყო გულწრფელი, თან სამართლიანი. 
– სად უფრო კომპეტენტურია გიორგი ბახუტაშვილი, რომელი სფეროს გამომსვლელების შეფასებისას „შლი ფრთებს“?
– ამ შემთხვევაში ერთი კომპეტენცია არ არსებობს. ჩვენც უბრალო მაყურებლები ვართ ამ დროს. 
– თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შენ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული ხარ, ალბათ, განსაკუთრებით მკაცრი ქორეოგრაფიული ნომრების შემსრულებლებთან იყავი...
– არა, პირიქით. უბრალოდ, ვცდილობ, ვიყო სამართლიანი, შეიძლება ეს ვიღაცას სიმკაცრედ მოეჩვენოს. 
– იმის გამო, რომ გამომსვლელი შეგცოდებია, გითქვამს „კი“?
– არა, ეგ ბოროტებაა. თუ ფიქრობ, რომ ადამიანი არასწორ გზაზეა და მაინც „კის“ ეუბნები, ბოროტებაა. მაშინ რა არის შენი ფუნქცია ჟიურიში?!
– „ნიჭიერს“ მაყურებელი განსაკუთრებით კურიოზული ნომრებისთვის, უცნაური გამომსვლელებისთვის ელოდება ხოლმე. ამ კუთხით რომელი ნომრის გახსენება შეგიძლია ახლა?
– ძალიან ბევრი იყო ასეთი. კონკრეტულად გახსენება გამიჭირდება. ძლიერი ნომრებიც საკმაოდ ბევრია. პროფესიონალებს ძალიან მაგარი შოუს მოლოდინები აქვთ. მე მჯერა მათი. 
– რას მეტყვი ჟიურის დანარჩენ წევრებზე. შენ რუსკას გვერდით ზიხარ. სავარაუდოდ, კარგ განწყობას ქმნით ერთად...
– რუსკას ულევი ენერგია აქვს, გადამდები, ძალიან მხიარულია და კომფურტულია მასთან მუშაობა. რაც შეეხება ჟიურის დანარჩენ წევრებს, მათზეც იგივე შემიძლია ვთქვა. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანაბოთ, გამოცდილები არიან, აქამდეც ყოფილან ჟიურის წევრები და ბევრ რამეს სწავლობ მათგან.
– ბოლო პერიოდში, საკმაოდ მოკლე დროში არაერთი არაპროფესიული ამპლუის მორგებამ მოგიწია – იყავი ტელეწამყვანი, მოცეკვავე, ახლა ჟიურის წევრი. როგორ გგონია, რამ გამოიწვია შენი ასეთი თავბრუდამხვევი პოპულარობა?
– არ ვიცი. ყოველთვის, რასაც ვაკეთებ, ვცდილობ, კარგად გავაკეთო, ბოლომდე დავიხარჯო. მთავარი ის არის, რომ ჩემს თავთან ვიყო მართალი. ამიტომ ვცდილობ, სრულყოფილი იყოს ჩემი ყველა ნაბიჯი. ხან მოსწონთ, ხან – არა. ერთი აზრი არასდროს არ არის. 
– ბევრს მოეწონა შენი ცეკვა, რასაც ვერ ვიტყვით ტელეწამყვანობაზე. როგორი რეაქცია გაქვს, როცა ამბობენ, რომ გაცილებით კარგი მსახიობი ხარ, ვიდრე ტელეწამყვანი?
– ნორმალური. ის „როლები“, რაც მოვირგე, არ იყო ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. ეს ყველაფერი ახალი გამოწვევები იყო, თავად ვცდიდი საკუთარ თავს ამა თუ იმ სფეროში. რაღაც კარგად გამოგდის, რაღაც – ნაკლებად კარგად. რა გითხრათ, არ მაღიზიანებს. ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას – ნაკლებად. 
– ოჯახში თუ მოსწონთ შენი ახალი ამპლუა, მეუღლე თუ დადიოდა „ნიჭიერის“ ჩაწერებზე, თუ გგულშემატკივრობდა...
– ოჯახში ახალი ამპლუა არ მაქვს (იცინის). ეთერში რომ გავალთ, ალბათ, შეფასებები მერე იქნება. 
– ასეთ პროექტებში ჟიურის წევრებიც ქმნიან შოუს. რას ველოდოთ შენგან?
– პირველ რიგში, ძალიან მაგარ შოუს უნდა ელოდოს მაყურებელი. რაც ქასტინგზე ვნახე, ამის რესურსი არის. ყველაფერი ვნახე, რაც მაყურებელს უყვარს და მოსწოს. ასე რომ, შოუ შედგა. ახლა უკვე მაყურებლის რეაქციას უნდა დაველოდოთ.
– გიორგი, შენ მოიგე ბინა „ცეკვავენ ვარსკვლავებში“. რა სტადიაშია შენი საჩუქარი ახლა?
– სამშენებლო სამუშაოები სრულდება, კორპუსი მთლიანად არ არის დამთავრებული, შემდეგი ეტაპი, ალბათ, რემონტი იქნება.
– „რუსთავი 2“-საც მინდა შევეხოთ, როცა „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაუჩინარდი, „ფორმულა კრეატივში“ ამბობდნენ, რომ გამორიცხული არ იყო, კვლავ გვენახე ამ სერიალში. დღემდე არ ჩანხარ. რატომ?
– როგორ გითხრათ, ეს არ არის მარტივი. მე „კრეატივთან“ კონტრაქტი არ მქონდა, როცა „იმედის“ შემოთავაზებას დავთანხმდი და კონტრაქტიც გავაფორმე. ეს არ მაძლევს უფლებას, დამოუკიდებელი ნაბიჯები გადავდგა. აქ უკვე ორი არხის ინტერესების კვეთაა, რაც აქამდე ვერ დალაგდა. თუ დალაგდება, გამოვჩნდები, ალბათ. იურიდიულ მხარეზე არც ყოფილა ლაპარაკი. სხვა მნიშვნელოვანი მხარეებიც არის, გარდა იურიდიულისა.
– რას გულისხმობთ?
– როგორ გითხრათ, ორი ადამიანია, ორივე თავის საქმეს აკეთებს, ორივეს ერთი ტიპი სჭირდება. ამ ტიპს ვალდებულება აქვს ერთ კონკრეტულთან, მეორესთან – არა. სურვილები სხვაა, ვალდებულებები კიდევ – სხვა. ასე რომ, ეს საკითხი ჯერ ისევ დასალაგებელია. 

ნინო მჭედლიშვილი

„პრაიმტაიმი“

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი