სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი არ გამორიცხავს, რომ სკოლებში ძალადობის ფაქტებზე კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
ამის შესახებ სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით წარდგენილი ანგარიში ს შესახებ განაცხადა. სახალხო დამცველის თქმით, მონიტორინგი გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობდა, რომელმაც გამოავლინა, რომ მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ადგილი აქვს, როგორც ფიზიკურ ისე ფსიქოლოგიურ ძალადობის ფაქტებს. ნანუაშვილის თქმით, მონიტორინგი როგორც საჯარო, ისე კერძო 109 სკოლაში ჩატარდა და ეს პირველი ასეთი სპეციალური ანგარიშია ამ თემასთან დაკავშირებით.
"ბულინგი ისევ სერიოზული პრობლემაა და ცალკე გამოსაყოფია, რომ როგორც მოსწავლეები, ისე მასწავლებლები ძალადობად არ აღიქვამს ცემას, თავში წამორტყმას და ყურის აწევას", - განაცხადა ნანუაშვილმა. ანგარიში 2016-2017 სასწავლო წლებს მოიცავს.
ლილუ მიროტაძე