ქურდობა, ყურის აწევა, თმის მოქაჩვა, დამამცირებელი სიტყვებით მიმართვა, ჯოხით ცემა - რა ხდება სკოლებში

14:02 10-17-2017
147

სახალხო დამცველმა საზოგადოებას დღეს ანგარიში წარუდგინა, სადაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის ფაქტებზეა საუბარი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ კითხვარებზე რამდენიმე მოსწავლემ მინაწერი დატოვა.

მე-10 კლასელი მოსწავლის ერთ-ერთ მინაწერში ვკითხულობთ: "ჩვენს სკოლაში ხშირად ყოფილა ისეთი მომენტები, რომლებზეც წესით ყურადღებაა გასამახვილებელი, თუმცა როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდება, სკოლის დირექცია, დირექტორი, სასწავლო ნაწილი და მასწავლებლები ცდილობენ მიმალონ ეს ფაქტი. ხშირად ხდება ქურდობა, იკარგება ფული, რაზეც რეაგირებას არავინ ახდენს მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ხმამაღლა გამოგვითქვამს წუხილი. სკოლაში არიან მასწავლებლები, რომლებიც წვრილმანების გამო ძალადობენ ბავშვებზე. ეს არის - ყურის აწევა, თმის მოქაჩვა, დამამცირებელი სიტყვებით მიამრთვა, უტაქტო საუბარი, ჯოხით ცემა და იმის მაგივრად, რომ რაიმე ზომა მიიღონ და ეს მასწავლებელი გაუშვან, ბავშვებს აფრთხილებენ, რომ ამ ფაქტების შესახებ ოჯახში არ მოყვნენ. სკოლის ტერიტორიაზე უცხო პირებს სრულიად გაუფრთხილებლად, უნებართვოდ შეუძლიათ შემოსვლა და ბავშვებთან გასაუბრება, თუნდაც საგაკვეთილო პროცესზე. როგორც წესი, ყველას გვაქვს აზრის გამოხატვის უფლება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მაგრამ თუ ჩვენი აზრი მასწავლებლის აზრს არ ემთხვევა, ამ შემთხვევაში მოსწავლეს შეურაცხყოფას აყენებენ", - წერს მოსწავლე. 

შეგახსნებეთ, კვლევა 2016-2017 სასწავლო წლებს მოიცავს. მონიტორინგს გაერო-ს ბავშვთა ფონდი ახორციელებდა

ავტორი: ლილუ მიროტაძე