ტელეწამყვანი ნინო ჯანგირაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე საკაბელო ოპერატორების მიერ ქართული არხების საპროტესტოდ გათიშვას ეხმაურება. როგორც ჯანგირაშვილი ამბობს, ის ამ შემთხვევაში, საკაბელოების მხარესაა.
"ეს ის შემთხვევაა, როცა არ ვარ ტელევიზიების მხარეს და ვარ საკაბელოების მხარეს, ვინც დღეს ექვსი არხი გათიშა პაკეტიდან. თავად ამ არხებმა თქვეს პრაქტიკულად უარი ესარგებლათ იმ სიკეთით, რომლის დანერგვაზე წლების მანძილზე ბევრი იბრძოლა სამოქალაქო სექტორმა, მათ შორის თქვენმა მონა მორჩილმა. მასთ ქერის და მასთ ოფერის ძლივს დამკვიდრებულ ტრადიციაზე უარის თქმა და კერძო მოლაპარაკება–ვაჭრობის სივრცეში გადასვლა მათი ნებაა. ჰოდა ამის მერე საკაბელოების ნებაა რა მეთოდებს გამოიყენებენ ბრძოლისას და ვინც მოერევა, მოერევა. მედიის შევიწროვებად ნუ გაასაღებთ თუ შეიძლება ამ ქეისს. მითუმეტეს, რომ ამ საქმეში რუსთავი და იმედი დაძმობილებულად მოქმედებენ. სხვათა შორის ნორმალურ ქვეყანაში კარტელური გარიგებისთვის კარგად დააჯარიმებდნენ ამ არხებს. მაყურებელსაც მათთან უნდა ქონდეს პრეტენზია და არა საკაბელოებთან, რომლებიც ამ შემთხვევაში მხოლოდ თავს იცავენ უგუნური შეტევისგან.
40-მდე მცირე და საშუალო საკაბელო ოპერატორი 6 ქართულ არხს დღეს საპროტესტოდ გათიშავს, - ამის შესახებ საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თეონა ბერუაშვილმა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.