"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე არავითარ კონსულტაციებს აზრი არ აქვს, რადგან მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" არის პარტია, რომელიც ყველაფერს ერთპიროვნულად წყვეტს.
საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას ირმა ინაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" არის პარტია, რომელიც ფიქრობს, რომ ის არის სახელმწიფო, ის არის გერბი, ის არის ჰიმნი და ის არის ყველაფერი.
”მე თუ მეკითხებით, ირმა ინაშვილს, არავითარ კონსულტაციებს, ჩემი გადმოსახედიდან, აზრი აღარ აქვს. ეს არის პარტია, რომელიც ერთ პარტიულად წყვეტს ყველა საკითხს და ეს არის გარდასატეხი. ეს არის პარტია, რომელიც ფიქრობს, რომ ის არის სახელმწიფო, ის არის გერბი, ის არის ჰიმნი და ის არის ყველაფერი. ის რაც ხდება დღეს ჩრდილოეთ კორეაში, იგივეა, რაც ხდება საქართველოში მენტალურად. ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა ჩამოყალიბდეს მრავალპარტიული სისტემა ქვეყანაში, ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემო, ჩვენ ვამბობთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო უმთავრესი დაპირება, რაც არ შეასრულა "ოცნებამ", რადგან მაჟორიტარების ხარჯზე უნდა მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია, ოქრიაშვილების და სხვათა ხარჯზე”, - განაცხადა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, თუმცა უმრავლესობაში აცხადებენ, რომ განსახილველად კვლავ გამოიტანენ ორ საკითხს, რომლებზეც ვენეციის კომისიის ბოლო დასკვნაშია საუბარი.