სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, რუსეთი არის ბაზარი, სადაც ყველაზე მეტი ცნობადობა აქვს ქართულ ღვინოს, თუმცა საქართველო სხვა ბაზრებზეც აქტიურად ცდილობს ექსპორტის გაზრდას. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომსი დასრულების შემდეგ განუცხადა.
"რუსეთი არის ბაზარი, სადაც ყველაზე მეტი ცნობადობა აქვს ქართულ ღვინოს. თუ ამ პროდუქტის ხარისხი და ფასი იქნება ადეკვატური, იქნება მაღალი, რა თქმა უნდა, ეს პროდუქტი წარმატებით გაიყიდება. ამ შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ღვინო კონკურენტუნარიანია, რადგან ბოლო წლებში ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობა გაიზარდა. ეს არის ძალიან კონკურენტული ბაზარი, სადაც მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ პროდუქტებზე არსებობს შეზღუდვა ევროკავშირიდან, ალკოჰოლურ სასმელები არ შეზღუდულა, აქ შედის ყველა ევროპული მწარმოებლის ღვინო და ასეთ კონკურენტულ გარემოში ქართული ღვინო წარმატებულია. თუმცა ვერ დაგეთანხმებით, რომ დივერსიფიკაციის კუთხით არ ვმუშაობთ ან შედეგი არ გვაქვს. ორივე გვაქვს. ფაქტობრივად, ყოველ წელს ვაორმაგებთ ექსპორტს ჩინეთის მიმართულებით, რომელიც აბსოლუტურად ახალი ბაზარია. ამ ფონზე, ერთის მხრივ, შევქმენით საქართველოს ცნობადობა, რაც წინაპირობაა შემდეგ პროდუქტის ცნობადობის შექმნის, რაც ასევე წინაპირობაა, რომ საქართველოდან ღვინის გაყიდვა შევძლოთ ზოგადად ბაზარზე. ესეც კონკურენტული ბაზარია. დღევანდელი მონაცემებით საქართველო პირველ 11 იმპორტიორ ქვეყანაშია. ათეულში ალბათ წლის ბოლომდე ვიქნებით. აქედან გამომდინარე, საკმაოდ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ჩინეთის მიმართულებით. ამას წელს დაემატა იაპონია. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ასევე არის ძალიან პერსპექტიული, სტაბილური, მაღალფასიანი და მაღალხარისხზე ორიენტირებული ბაზარი. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ იაპონიაში ვიქნებით წარმატებულები, რადგან ქართული ღვინის ხარისხი მნიშვნელოვნად გაზრდილია. ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. კარგი მარკეტინგული გეგმაც გვაქვს. ასევე აშშ, სადაც საკმაოდ ორიგინალურ ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდ ღვინის ბაზარზე ქართულმა ღვინომ დაიმკვიდროს თავი. აქ ჩვენ ზრდის საკმაოდ დიდი ტენდენცია გვაქვს. თუმცა, ქართული ღვინის მიმართ აღქმა რადიკალურად შესაცვლელია. ასე რომ, სამი ახალი მიმართულებით იქნება საკმაოდ დიდი ალტერნატივა უკვე ტრადიციული ბაზრებისთვის", - განაცხადა დავითაშვილმა.