საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკანიანი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მინისტრის დიმიტრი მედოევის იტალიაში ვიზიტს კერძო ვიზიტად აფასებს. ამის შესახებ ზალკანიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"საქართველოს აქვს იტალიის ოფიციალური მხარდაჭერა და იტალიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არაერთხელ და მრავალჯერ არის აღიარებული. საქართველოს არანაირი საფრთხე არ ელის იტალიის მხრიდან. მსგავსი ტიპის ნაბიჯებს ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლები ხშირად მიმართავენ. ეს არის უფრო სასურველის რეალობად წარმოჩენის მცდელობა და ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან საერთაშორისო თანამეგობრობა მუდმივად არის ინფორმირებული და არაღიარების პოლიტიკა შეუქცევადია", - განაცხადა ზალკანიანმა.
სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი იტალიაში "ოფიციალური ვიზიტით" იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო РИАავრცელებს.
მედოევის თქმით, სამხრეთ ოსეთი ევროპის, აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან, ასევე დსთ-ს ქვეყნებთან, კონტაქტების გაფართოებსა და ურთიერთობების დამყარებაზე მუშაობს. მედოევმა დასძინა, რომ იტალიაში სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ალბერტო დრუდის მიწვევით ჩავიდა.