არჩილ გამზარდია: „მას აქვს ის უპირატესობა, რომ გამოცდილია, საინტერესო ადამიანია და პლუს თავისი გულშემატკივარი ჰყავს“

16:58 10-22-2017
417

ექსპერტი არჩილ გამზარდია თვითმმართველობის არჩევნების პროცესს „პრაიმტაიმთან“ აფასებს:

– ვფიქრობ, კალაძეს საკმაოდ რთული მისია აქვს პოლიტიკურად, იმიტომ რომ მას მოუწევს იმ საზოგადოების კმაყოფილების მოპოვება, რომელიც დღეს კმაყოფილებას ადვილად არ გამოხატავს. თბილისის მერობა, თავის მხრივ, პოლიტიკური ლიდერობაა, რაც საკმაოდ კარგად გამოსდის კალაძეს. მეორე მხრივ, ადმინისტრაციული ლიდერობაცაა, რაც მას კარგად გამოსდიოდა, მაგრამ მესამე მხრივ ეს არის საზოგადოებასთან ურთიერთობა მთლიანობაში. თუ მისი ენერგეტიკის მინისტრობისდროინდელ პერიოდს ავიღებთ, ის ბოლომდე წარმატებული არ ყოფილა.

რას გამოავლენს კალაძე, ამას დრო აჩვენებს. მას აქვს ის უპირატესობა, რომ გამოცდილია, საინტერესო ადამიანია და პლუს თავისი გულშემატკივარი ჰყავს. 

რაც შეეხება ელისაშვილს, საერთო ჯამში, ის ძალიან საინტერესო ფიგურა გამოდგა. ელისაშვილმა, ფაქტობრივად, აჩვენა პარტიული პოლიტიკის კრიზისი, აჩვენა ის, რომ, რომ არა პოლიტიკოსების აქტივობა, რომ არა უცნაური შესაძლო გარიგებები „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, რომ არა რაღაც დიდი ფინანსური მხარდაჭერა კანდიდატების, ელისაშვილთან გამკლავება კიდევ უფრო გართულდებოდა. მე ვფიქრობ, ეს მარცხი ელისაშვილს უფრო გამოადგება, ვიდრე ის, რომ გაემარჯვა. გამარჯვების შემთხვევაში მას ბევრად გაუჭირდებოდა მომავალში და მისი მერობა შეიძლება ძალიან წარუმატებელი გამომდგარიყო. მას ძალიან კარგი პოლიტიკური პერსპექტივები აქვს წინ. 

– რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის „ნაციონალური მოძრაობის“ მესამე პოზიცია და რამ განაპირობა ეს ადგილი?

– საერთო ჯამში, მოულოდნელი არ ყოფილა. აქ ჩვენ სამ ვერსიას განვიხილავდით: ერთი ის, რომ მეორე ტური ყოფილიყო და თუ ელისაშვილი გავიდოდა, ამ შემთხვევაში საკმაოდ კარგად ამოაყირავებდა ყველაფერს და მეორე ტურში მისი გასვლა ნიშნავდა, რომ სულ მცირე ცდომილებით წააგებდა კახა კალაძესთან. მეორე ვარიანტი იყო ის, რომ ვთქვათ, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გავიდოდა, ის დაამტკიცებდა, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე  მეორე პოლიტიკური პარტია იყო. შედეგებმა აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად ლიდერობს, ოპოზიცია კი სერიოზულ კრიზისშია. ასევე, იმის გამო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ადგილზე ვერ გავიდა, ამით მოიგეს სხვა პოლიტიკურმა სუბიექტებმა, იგივე „ევროპულმა საქართველომ“.