რუსკა მაყაშვილს „რუსთავი 2“-მა ვალი დაუბრუნა – „ჩემთვის არაფერი შეცვლილა „ნიჭიერში“ - exclusive

11:18 10-23-2017
11026

9 თვის ფეხმძიმე „ნიჭიერის“ ჩაწერებზე იჯდა და სულ არ შეუმჩნევია რომ დღე-დღეზე პატარა ბიჭი უნდა ჰყოლოდა. იგივე შემართებით, ენერგიითა და ხალისით ჩაწერა „ნიჭიერისთვის“ ყველა სცენა. შეიძლება ითქვას, რომ კიდევ უფრო საინტერესო გახდა ჟიურის ორი ფეხმძიმე წევრის მონაწილეობით ეს პროექტი. უკვე ორი გადაცემა გავიდა „იმედის“ ეთერში და მოლოდინი ჯერ კიდევ დიდია. 

დამთავრდა ჩაწერები და პატარა ილიაც გაჩნდა. როგორ ანებივრებდნენ ჟიურის ფეხმძიმე წევრებს „ნიჭიერის“ სტაფში, როგორ მოირგო დედობა და როგორ გრძნობს თავს ახალ ამპლუაში, რუსკა მაყაშვილი თავად გიამბობთ.

– რუსკა, პროექტი გადის სხვა არხზე, რა შეიცვალა ამით შენთვის, როგორც ჟიურის ერთ-ერთი წევრისთვის?

– აბსოლუტურად არაფერი. გუნდი ერთია, რომელთანაც წლების განმავლობაში ვიმუშავე და ძალიან მიყვარს. ასე რომ, განსხვავებული არაფერი ყოფილა, გარდა იმისა, რომ „იმედზე“ ვუყურე ამჯერად „ნიჭიერის“ სტარტს. მაღალი რეიტინგი და პროფესიონალიზმი უცვლელია მეგაშოუში.

– თუმცა, ამჯერად დიდი მუცლით მოგიწია მუშაობა, ეს თუ იყო რთული შენთვის?

– თავიდანვე ძალიან უპრობლემო ფეხმძიმობა მქონდა. არ გავჩერებულვარ არცერთი დღე, სულ ვმუშაობდი. არ მიჭირდა. გადაყოლილები იყვნენ ჩემზე. ყოველთვის ასეა, ეს გუნდი ასე მუშაობს, ვიქნებოდი თუ არა ფეხმძიმედ, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ყოველთვის ქმნიან კომფორტს ჟიურის წევრებისთვის. რომ არ შემძლებოდა, ვერ გავაკეთებდი. აბსოლუტურად არაფერი არ გამძნელებია. 

– სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ გმირობის ტოლფასია, ამხელა მუცლით იმუშაო, იჯდე მთელი დღის განმავლობაში ჟიურისთვის განკუთვნილ სკამზე, ახვიდე სცენაზე და შეინარჩუნო ასეთი განწყობა, როგორსაც ჩვენ ვხედავთ ეკრანზე...

– დიდი მადლობა მათ ამისთვის, მაგრამ საერთოდ არაფერი არ გამჭირვებია. რომ არ შემძლებოდა, ვერც გავაკეთებდი. რომ მეუბნებოდნენ, მერვე-მეცხრე თვე ყველაზე რთულიაო, მიკვირდა. საკმაოდ იოლი აღმოჩნდა ჩემთვის. ამიტომ ყველას არ უნდა დაუჯერო.

– იყავი მზად იმისთვის, რომ ნებისმიერ დროს შეიძლებოდა დაწყებულიყო მშობიარობა, თუნდაც გადაღებებზე?

– ყველაფრისთვის მზად ვიყავი, მაგრამ თავის დროზე გაჩნდა ჩემი შვილი, ზუსტად 40 კვირის თავზე. 

– ჟიურის ყველაზე ენერგიული, ხალისიანი წევრი ხარ, გნახავთ სცენაზე კვლავინდებურად?

– რა თქმა უნდა, ერთ ადგილას რა გამაჩერებდა! სცენაზეც მნახავთ და დარბაზშიც. რას გავაკეთებ სცენაზე, ამას საიდუმლოდ დავტოვებ. ჯობია, მაყურებელმა თავად ნახოს. 

– შენ უკვე ყველა კონკურსანტის გამოსვლა ნახე, რით არის ეს სეზონი გამორჩეული?

– ყველა სეზონი გამორჩეულია ხოლმე. წელსაც განსაკუთრებით საინტერესო კონკურსანტები გვყავს. მრავალფეროვანი იქნება წლევანდელი „ნიჭიერი“. არ ვნახავთ მხოლოდ მუსიკალურ ნომრებს. ძალიან ბევრი ისეთი გამომსვლელია, რომელმაც მე პირადად შოკში ჩამაგდო. ასე რომ, არცერთი გადაცემის გამოტოვება არ შეიძლება. ყველა ნიუანსი დასამახსოვრებელია მაყურებლისთვის. ჩემი ოქროს ღილაკი ბავშვებს ხვდათ წილად წეროვნიდან. ძალიან მაგარი ნომერი ჰქონდათ, ემოციური. 

– დედობა როგორ მოირგე. თუ გართულდა ცხოვრება შენთვის ყოველდღიური ყოფა?

– არაფერი არ გართულებულა, მშვენივრად ვგრძნობ თავს ახალ ამპლუაში.

– მტირალაა ილია?

– ჯერჯერობით არა.

– ვინ გეხმარება, ვისთან ერთად გადიხარ დედობის პირველ ეტაპს?

– თავად ძალიან კარგად ვართმევ ყველაფერს თავს, მაგრამ დედა მეხმარება. ჯერჯერობით დედასთან ვართ და ძალიან მიდგას გვერდში თამარი.

– შენი მეუღლე ჩართულია ამ ყველაფერში?

– რა თქმა უნდა, ძალიან მეხმარება ისიც. შოკირებულები ვართ ყველა, ისეთი ბედნიერები ვართ (იცინის). 

– ხომ არ ვნახავთ „ნიჭიერის“ ლაივებზე პატარა ილიას?

– არა, ვერ ნახავთ. ჩემი შვილი მაქსიმალურად მორიდებულია, ტელეეკრანზე გამოჩენას ერიდება (იცინის).

– რუსკა, სოციალურ ქსელში წერდი, რომ „რუსთავი 2“-ს შენი ვალი ჰქონდა, რომ რამდენიმე თვის ხელფასი დროულად არ გადაგიხადეს. თუ მოგვარდა ეს პრობლემა...

– კი, დაგვიანებით, მაგრამ მოგვარდა. ამ თემაზე მეტი არაფრის თქმა არ მინდა.

 

ნინო მჭედლიშვილი

„პრაიმტაიმი“

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი