"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ არჩვევნებთან დაკავშირებული შენიშვნები, რომელიც ჰქონდათ, ეუთო-ს "ოდირის" წინასწარ დასკვნაში იქნება ასახული.
ამის შესახებ ბურჯანაძემ ეუთო-ს ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"დღეს ჩვენ შეხვედრა გვქონდა ეუთოს ოდირის წარმომადგენლებთან. დამკვირვებლებთან, რომელთა მიერ გაკეთებული არჩევნების შეფასება ყველაზე ავტორიტეტულია. პირველ ყოვლისა მე მინდა მადლობა გადავუხადო ”ოდირის” წარმომადგენლებს, რადგან მათი პირველადი დასკვნა იყო ნამდვილად ობიექტური და პრაქტიკულად ყველა ის პრობლემა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, იყო ამ დასკვნაში ასახული”, - განაცხადა ბურჯანაძემ.
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, შეხვედრისას საუბარი იყო როგორც ფულადი, ასევე მედია რესურსების არაპროპორციულ განაწილებაზე, ზეწოლაზე, ხმის მიცემის პროცესში მეთვალყურეობასა და პრაქტიკულად ყველ დარღვევაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა არჩევნების პერიოდში.
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, მან ასევე ”ოდირის” წარმომადგენლებს მიაწოდა კონკრეტულ პირებზე დაყრდნობილი კონკრეტული ინფორმაციები, კერძოდ უბნებზე, სადაც ადამიანები ამბობენ, რომ ხმა მისცეს მის პარტიასა და კანდიდატებს, მაგრამ მათი ხმები ოქმებში არ ფიქსირდება.
”ჩვენ ვისაუბრეთ მთელ რიგ დარღვევებზე. ”ოდირის” წარმომადგენლები გაცილებით უკეთ ფლობენ ინფორმაციას, ვიდრე ეს ხელისუფლებას წარმოუდგენია", - განაცხადა ბურჯანაძემ.