„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი გია კორკოტაშვილი აცხადებს, რომ თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ არაპოპულარული განცხადებით დაიწყო თბილისელებისთვის თავის მოწონება, როდესაც ლგბტ თემის მიმართ მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.
ამის შესახებ კორკოტაშვილმა „ტვ პირველის“ თოქშოუ „რეაქციაში“ ისაუბრა.
„შე კაი დედმამიშვილო, სამი ვაჟის მამა ხარ, ასე გინდა თბილისელებს თავი მოაწონო?!“, - განაცხადა კორკოტაშვილმა.
თბილისის ახლად არჩეული მერი და ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე გამოეხმაურა გურამ კაშიას მხარდაჭერას ლგბტ ადამიანებისადმი და განაცხადა, რომ არ უნდა ხდებოდეს ადამიანების დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის გამო.
ორი კვირის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ერედივიზიონის მატჩში გუნდს ლგბტ დროშის სამკლაურით გაუძღვა ისევე, როგორც სხვა კლუბების ლიდერები, რითაც ლგბტ ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადა.