თამაზი ჩემს მზეს ლოცულობდა, დღე და ღამე ჩემს სადღეგრძელოს სვამდა, გალოთებული სახლში იჯდა - ქუცნაშვილი

23:08 10-24-2017
1932

ქართული ოცნების წევრი, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, თიანეთის მერობის კანდიდატს, თამაზ მეჭიაურს, პასუხობს. საუბარია მეჭიაურის განცხადებაზე, რომელმაც ქუცნაშვილი არჩევნების გაყალბებასა და მისი ხმების მიტაცებაში დაადანაშაულა. 

ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, იყო დრო, როდესაც "თამაზ მეჭიაური მის მზეს ლოცულობდა", რადგან სწორედ მან მიიყვანა ის ქართულ ოცნებაში.

ქუცნაშვილის თქმით, მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, თამაზ მეჭიაური წარმოადგენდა მისთვის უკვე მეექვსე პარტიას და მან არაერთხელ სთხოვა, რომ ქართულ ოცნებაში მიეყვანა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მისი და მეჭიაურის წინაპრები იყვნენ და-ძმანი და მთის წესის მიხედვით, მან უარი ვერ უთხრა და მიიყვანა.

„თამაზი ჩემს მზეს ლოცულობდა, დღე და ღამე ჩემს სადღეგრძელოს სვამდა და შტაბის უფროსად გავამწესეთ ჩემს მშობლიურ თიანეთის რაიონში,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.  

მისივე თქმით, თამაზ მეჭიაურზე უარყოფითი ინფორმაცია არსებობდა და მას ძალიან კორუმპირებული ჩინოვნიკის სახელი ჰქონდა.

„უმუშევარი, გალოთებული სახლში იჯდა დღე და ღამე სვამდა და არაფერს არ აკეთებდა. მე მას შანსი მივეცი,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მისი თქმით, თამაზ მეჭიაური "ქართულ ოცნებას" აშანტაჟებდა.

„დააყენა თავისი კანდიდატურა თიანეთის რაიონში, მაშინ არ იყო ციხის კადრები ჯერ გამოსული და თქვა, რომ მე თუ სიაში არ ჩამწერთ, მე ვიმუშავებ იქით, სადაც გამიხარდება,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მისი თქმით, თამაზ მეჭიაური შენახვედრიც კი არ იყო ივანიშვილთან და ის იტყუებოდა, როცა ამბობდა, რომ ბიძინა ივანიშვილის მეგობარია. თათბირზე კი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, მას ჰკითხა, თუ რა უნდოდა, რაზეც უპასუხა, რომ დეპუტატობა სურდა და სწორედ ასეთი ვაჭრობით შევიდა პარლამენტში.  

ავტორი: ლილუ მიროტაძე