არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და უფლებადამცველები, ნუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობის წინ, 20:00 საათზე სოლიდარობის აქციას გამართავს.
შემთხვევა ნუცუბიძის პლატოზე გუშინ საღამოს მოხდა. 33 წლის პაატა პავლიაშვილი მეგობრის დაკავებას ეწინააღმდეგებოდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცის დაკავებისას სამართალდამცველებმა ძალას გადაამეტეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი “კატეგორიულად გამორიცხავენ იმ ინტერპრეტაციას, თითქოს მამაკაცი პოლიციის ბრალეულობით გარდაიცვალა” (შსს პრესსამსახურის უფროსის, თეა პერტაიას სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადება).
ნუცუბიძის პლატოზე ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით შესაძლო მოსპობას გულისხმობს.