იმის თქმა, რომ ჩანაწერები არ არის, ტყუილია - ხუციშვილი ნუცუბიძეზე მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით

11:50 10-30-2017
130

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აცხადებს, რომ ნუცუბიძეზე მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, პოლიციელების სამხრე კამერების ჩანაწერები არსებობს და იმის თქმა, რომ ჩანაწერი არ არსებობს, ტყუილია.

ხუციშვილის განცხადებით, ჩანაწერებში ასახულია პავლიაშვილის ცუდად გახდომის მომენტი, თუმცა არ ჩანს დაკავების პროცესი. 

"როგორც ჩემთვის ცნობილია, ჩანაწერებში ასახულია ცუდად გახდომის მომენტი, უბრალოდ არ ჩანს დაკავების მომენტი. რაც შეეხება ჩანაწერების გასაჯაროებას, ეს გამოძიების საქმეა. ჩანაწერები არსებობს და იმის თქმა, რომ ჩანაწერები არ არის, ტყუილია. ჩვენ თვითონ მაქსიმალურად დაინტერესებული ვართ, რომ რაც შეიძლება მალე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება. მჭიდროდ ვთანამშრომობთ პროკურატურასთან და ყველა ჩანაწერი, რაც კამერას აქვს დაფიქსირებული, მიეწოდა გამოძიებას", - განაცხადა ხუხციშვილმა.

მისი თქმით, თუ რატომ არ ჩანს დაკავების მომენტი, ამიტომ მიმდინარეობს გამოძიება, რათა მან გასცეს პასუხი.

"მე არ ვიცი გამოძიების შედეგები, თუმცა ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ინფორმაციაა მიწოდებული. სანამ არ გვეცოდინება, თუ რითი გარდაიცვალა ეს ადამიანი, ბრალდებებზე პოლიციის მისამართით ან რაღაც დეტალებზე და შეფასებებზე საუბარი ნაადრევია“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე