„თამაზი ნამდვილად არ არის მოღალატე, არც პირად ურთიერთობაში, არც მეგობრებში და არც საქმეში“,– მითხრა ინტერვიუს დროს თამაზ მეჭიაურის ყოფილმა ცოლმა, თამარ მეჭიაურმა. სად გაიცნო წყვილმა ერთმანეთი, რას წერდა ჯარიდან ხმაურიანი პოლიტიკოსი შეყვარებულ მომღერალ ქალს, რამ განაპირობა მათი დაშორება და როგორ ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას ყოფილ ქმართან, ქალბატონი თამარი თავად გიამბობთ.
–თამარ, უკეთ რომ გავაცნოთ ჩემს მკითხველს თამრიკო მეჭიაური, თქვენი კარიერით დავიწყოთ. სად გადადგით პირველი ნაბიჯები მუსიკაში?
– პირველი ნაბიჯები პიონერთა სასახლეს უკავშირდება. მაშინ ასე ერქვა. ქალბატონ ციცინო ციცქიშვილის ვოკალურ ჯგუფში გახლდით. უამრავი გასტროლი გვქონდა. მერე იყო მეორე მუსიკალური სასწავლებელი, მუსიკალური აკადემია ვოკალის განხრით. შემდეგ ჰუმანიტარულ-სახელოვნებო აკადემია, ხელოვნებათმცოდნეობა. კლასიკოსი გახლავართ, ვმღეროდი კლასიკურ ნაწარმოებებს. 25 წლიდან დავიწყე ესტრადაზე მოღვაწეობა. ჩემი პირველი გამოსვლები იყო 90-იან წლებში ფილარმონიაში, სხვადასხვა რეგიონებში, სხვადასხვა სცენებზე.
– ავტორ-შემსრულებელი ხართ. სულ რამდენი სიმღერაა თქვენს რეპერტუარში?
– რეპერტუარში მაქვს საბავშვო, საესტრადო, ქალაქური სიმღერები. ალბათ, ორასამდე სიმღერა მექნება.
– რიცხვი ძალიან დიდია, მაგრამ ყველა მაინც ერთი სიმღერით გიცნობთ – „მოღალატე“, რომელიც თქვენი დაწერილი არ არის...
–ეს სიმღერა ქართლოს კასრაძის მეუღლის, ნუნუ ანანიაშვილის დაწერილია. ძალიან კარგად ასრულებდა ამ სიმღერას მიუზიკლში თემურ თათარაშვილი. გავიდა დრო და გავაცოცხლე. მას მერე ჩემი სიმღერა გახდა. ამ სიმღერით მიცნობს თითქმის მთელი საქართველო.
–იმასაც ამბობდნენ, თამარმა ეს სიმღერა ყოფილ ქმარს მიუძღვნაო. მოდი, ვუთხრათ ჩემს მკითხველს, რომ თამაზი არ არის მოღალატე...
– (იღიმება) არა, თამაზი ნამდვილად არ არის მოღალატე,არც პირად ურთიერთობაში, არც მეგობრებში და არც საქმეში.
– თუ შეიძლება მიამბეთ, როგორ გაიცანით ერთმანეთი...
–თიანეთში გავიცანი თამაზი, ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში. მაშინ მეცხრე კლასში გადავდიოდი. საკონტაქტო ნომრები გაცვალეთ. მერე სკოლაში ჩამომაკითხა და დამემშვიდობა. ჯარში მიდიოდა. მერე წერილებით გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა. ჯარიდან მწერდა წერილებს, მეც ვწერდი.
– ეს წერილები შენახული გაქვთ?
– არა, აღარ მაქვს.
– რა ფრაგმენტს გაიხსენებთ ახლა მისი წერილებიდან?
– „გამარჯობა თამრიკო, როგორ ხარ. აქ ძალიან ცივა. თქვენთან როგორი მუსიკაა მოდური. თუ შეიძლება, „ბითლზების“ კასეტები გამომიგზავნე“.
– როგორც ჩანს, მუსიკის მოყვარულია ბატონი თამაზი.ერთად მღეროდით?
– ერთად არა, მე ვმღეროდი, ის მისმენდა (იღიმება).
– ხუთი წელი იცხოვრეთ ერთად. ამ ხნის განმავლობაში ვერ აამღერეთ?
– ნაბახუსევი კი წაიღიღინებდა ხოლმე, მაგრამ ფხიზელი ვერ ბედავდა.
– რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე ხომ არ უკრავს?
– არა, მაგრამ ძალიან კარგი სმენა აქვს და რომ მოენდომებინა,თავის დროზე ძალიან კარგი ბანი ან ბარიტონი იქნებოდა.
–მისთვის სიმღერა მიგიძღვნიათ?
– როგორ გითხრათ, მიმიძღვნია მისი სტუმრებისთვის, მისი მეგობრებისთვის. პერსონალურად მისთვის – არა.
– ყველა ადამიანს აქვს თავისი მოთხოვნები, ხასიათი. რა იყო მისთვის პრიორიტეტული, რა მოთხოვნები ჰქონდა, როცა ერთად ცხოვრობდით?
– განსაკუთრებულს არაფერს ითხოვდა, არც პრეტენზიული არ იყო. სამართლიანია თამაზი, ცოტა მკაცრიც. კარგი იუმორი აქვს. ცვალებადი ხასიათი.
– შეიძლება დაშორების მიზეზი გკითხოთ?
– რა გითხრათ. დღემდე არ ვიცი, რატომ დავშორდით ერთმანეთს. როცა წყვილი ოჯახს ქმნის, დამოუკიდებლები უნდა იყვნენ. ჩვენ დამოკიდებულები ვიყავით მის ოჯახზეც და ჩემს ოჯახზეც...
– ფიქრობთ, რომ მშობლებმა გააფუჭეს ყველაფერი?
– არა, არა, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი. მის ოჯახში დღემდე ძალიან დიდ პატივს მცემენ და ანალოგიური დამოკიდებულება მაქვს მეც. კარგი მამამთილი მყავდა და დედამთილი, რომელიც ძალიან მიყვარს, ღმერთმა კარგად ამყოფოს. ძალიან კარგი ბებიაა ყველა შვილიშვილისთვის.
– თამრიკო, მომღერლები ხშირად გამოთქვამენ პრეტენზიებს იმის გამო, რომ ვერ ხვდებიან პრესტიჟულ კონცერტებზე. მათ რიცხვში იყავითთქვენც. მაინტერესებ, თუ შეიცვალა რამე ამ მხრივ თქვენთვის, თქვენი ყოფილი მეუღლის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან...
– ნაწილობრივ შეიცვალა, ცოტათი ყურადღების ცენტრში მოვხვდი, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას, მართალი გითხრათ, ვერ ვგრძნობ... ეს, ალბათ, მაინც იმ 9 წლის გამოძახილია, რომელიც ჯერ კიდევ ფუნდამენტურად ვერ შეიცვალა. დღესაც ის მომღერლები დგანან სცენაზე, რომლებსაც „ნაცმოძრაობის“ დროს მაშინდელი „იმედი“ და „რუსთავი 2“ აპიარებდა. ისინი ასაკითაც პატარები არიან, კარგი მომღერლებიც არიან და...
– თქვენ ცუდი მომღერალი ხართ?
– არა, მე ძალიან კარგად ვიცი, ვინ არის ჩემზე უკეთესი და ვინ– უარესი. ვის წინ ვდგავარ და ვის –უკან. მე არ ვარ ნომერ პირველი მომღერალი საქართველოში.
– ვინ არის ნომერ პირველი?
– ნანი ბრეგვაძე.
– ბოლოს რომელ პრესტიჟულ კონცერტში მიიღეთ მონაწილეობა?
– არ მახსენდება (იცინის).
– გამოდის, არაფერი შეცვლილა...
– 2015 წლის დეკემბერში საახალწლო კონცერტში ჩამსვეს. 17 დეკემბერს გამიფორმეს ხელშეკრულება, მაგრამ 29-ში დამირეკეს და მითხრეს, რომ აღარ ვიყავი სიაში. ამ კონცერტის გამო სხვა კონცერტებზე უარი ვთქვი და, ფაქტობრივად, სახლში დავრჩი ახალი წლის ღამეს.
– თამრიკო, თავად თუ ყოფილხართ დაინტერესებული პოლიტიკით?
– მეც, როგორც ყველა მოქალაქეს, მაქვს ჩემი პოლიტიკური შეხედულებები. ამ არჩევნებზე კახი კალაძის მხარდამჭერთა რიგებში ვიყავი. მეტიც, მისსაარჩევნო შტაბში ვმუშაობდი ჩემს უბანზე, აგიტატორიც ვიყავი, აქტივისტიც. არანაირი ამბიციები,როგორც ხელოვანს, არ მქონია. გაზეთებსაც ვარიგებდი კარდაკარ, საარჩევნო ბიულეტენებზეც არ მითქვამს უარი. სადაც ჭირდება ჩემს ქვეყანას, „ქართულ ოცნებას“, იქ ვარ მეც.
– მიულოცეთ კახის გამარჯვება?
– რა თქმა უნდა.
– მეუღლეს?
– ძალიან ვინერვიულე, სანამ საბოლოოდ გაირკვეოდა შედეგები. ვიცი, რომ თამაზი თიანეთში ძალიან უყვართ. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მან ეს არჩევნები მოიგო და გაუყალბეს. ეს სასამართლომაც დაამტკიცა. რა თქმა უნდა, მივულოცე.
–ბევრს საუბრობენ ბატონი თამაზის შრამზე. თუ გაქვთ ინფორმაცია, რა ვითარებაში გაჩნდა შრამი მის სახეზე?
– რესტორანში ორი დაპირისპირებული მხარის გაშველების დროს დანა მოხვდა შემთხვევით. ბუნტის თავი თავად არ ყოფილა.
– მის სხვა შვილებთან ურთიერთობთ?
– მის ყველა შვილთან ვურთიერთობ, ჩვენი საერთო შვილი, კახა, მისი პირველი შვილია და ძალიან უყვარს მამის შვილები. თამაზის გოგონა, რომელიც მოსკოვში დაიბადა, საქართველოში ჩამოსვლის დროს ყოველთვის სტუმრობდა ხოლმე ჩემს ოჯახს.
– დავუბრუნდეთ თქვენს კარიერას... ვიცი, რომ პედაგოგიც ხართ...
– ასეა. მაქვს სტუდია „ჩარი-რამა“. წელს ქობულეთში საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც 14 ქვეყანა მონაწილეობდა, 7 ოქროს მედალი ავიღეთ და გრანპრი. სიახლეები მაქვს რეპერტუარშიც. ძალიან ბევრი ახალი სიმღერა მაქვს, ახლა არჩევის პროცესში ვარ. არ გამოვრიცხავ, დუეტი ჩავწერო ჩემს დასთან, კომპოზიტორ ნანა ბალახაშვილთან.
– წარმატებები მინდა გისურვოთ.
– დიდი მადლობა ინტერესისთვის და კეთილი სურვილებისთვის.
ნინო მჭედლიშვილი
„პრაიმტაიმი“