პეტრე კოლხი: - „ჩემმა ქალიშვილმაც მარიტას გზა გამოიარა“ - სად გაშენდება ლიკა ქავჟარაძის სახელობის ბროწეულის ბაღი - exclusive

15:12 10-30-2017
4615

29 ოქტომბერს, პანტომიმის თეატრში მამა პეტრემ ლიკა ქავჟარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე მიგვიპატიჟა. სცენაზე იდგა ნატვრის ხე, იატაკზე ფურცლებზე დაწერილი ლექსები ეყარა. პეტრე კოლხი ფურცლებს იატაკიდან იღებდა, საკუთარ ლექსებს გვიკითხავდა და ნატვრის ხეზე კიდებდა. მამას გვერდით ედგა მისი ქალიშვილი, მარიამ კვარაცხელია, რომელიც წლების წინ ჩაცმულობის გამო, გააკრიტიკეს. მარიამი მოდელი გახლავთ. მისი ფოტოები სწორედ მამა პეტრემ გაასაჯაროვა და აქედან დაიწყო სკანდალიც. წერდნენ, რომ სასულიოერო პირის შვილს ასე არ უნდა ეცვას, რომ მამა შვილთან მსგავს ფოტოებს არ უნდა იღებდეს და ა. შ. ალბათ ამიტომ საღამოს დასასრულ მამა პეტრემ დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას უთხრა, მარიამმაც გარკვეულწილად მარიტას გზა გამოარა, ამდენად სიმბოლური იყო რომ დღეს მან მარიტას როლი მოირგოო.

ამ საღამოსვე გაჟღერდე ინფორმაცია, რომ ლიკა ქავჟარაძის სახელობის ბროწეულის ბაღი გაშენდება პატარძეულში. მომღერლებმა ეკა კვალიაშვილმა და ნინო ბაშარულმა სცენაზე კალათი ამოიტანეს, როემელშიც მაყურებელი ამ ბაღის გაშენებისთვის შესაწირს ყრიდა. პირველი შესაწირი სწორედ მომღერებმა გააკეთეს. მაყურებელს საშუალება ჰქონდა ლენტები შეება სცენაზე მდგარი იმპოვიზირებული ნატვრის ხისთვის.

პეტრე კოლხი:

- იდეა გაჩნდა მას მერე, რაც შევიტყვეთ, რომ მარიტა აღარ არის დედამიწაზე. ჩვენ გადავწყვიტეთ მის უკვდავსაყოფად პატარძეულში გავაშენოთ ბაღი. ამ იდეის გარშემო უამრავი ადამიანი გაერთიანდა, მათ შორის უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტები, სასულიერო პირები. თქვენ მოისმინეთ, რომ ადგილოგრივი, საგარეჯოს და პატარძეულის  გამგეობა მხარში გვიდგას. რამოდენიმე ადგილი ბაღისთვის უკვე შერჩეულია.

- როგორი წარმოგიდგენიათ ეს ბაღი?

- ძალიან ლამაზი, შეყვარებული წყვილებით სავსე, ნამდვილ სიყვარულზე და არა გარიგებებისა და ციციკორეების სიყვარულზე დაფუძნებული. ის იქნება სიმბოლო სიყვარულის უკვდავებისა. 

- დღეს თქვენი ქალიშვილი გამოიყვანეთ სცენაზე და თქვით, რომ მან გარკვეულწილად მარიტას ცხოვრებით იცხოვრა. რას გულისხმობდით?

- იმ პერიოდს, როცა 13 წლის ბავშვი თავისსავე ფოტოების გამო ჩაქოლეს სოციალურ ქსელში.

- დასასრულ, თუ შეიძლება ის ლექსი წაგვიკითხეთ, რომელიც ლიკა ქავჟარაძეს მიუძღვენით...

- სიამოვნებით. 

კი არ მოკვდა, ბროწეული გაიხლიჩა,

ოქტომბერში ბროწეულმა ასე იცის...

და სიყვარულს ტალახის ქვეშ მაინც იცავს,

შეცდომებზე მეტი არის დანაკლისი...

 

ამ სოფელმა სილამაზე ვერ დაიცვა,

წვიმა არა , ეს მარიტას ცრემლებია...

დაამძიმა ციციკორემ დედამიწა,

და სხვებიც თავს ციციკორეს ევლებიან...

 

არ სჭირდება ღმერთს ასეთი სამართალი,

და შიშისგან ჩრდილებიც კი ჩერდებიან...

ისე გვემეს, უიმედოდ ავად არის,

სისხლი არა, ბროწეულის წვეთებია...

ნინო მჭედლიშვილი

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი