დაუდასტურებელი ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა ცნობას, ანონიმურობის დაცვის პირობით, პოლიტიკურ წრეებში ადასტურებენ.
მეგის ქარდავას დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინაში საქართველოს საელჩო ოფიციალურ უწყებებთან ამოწმებს. ამის შესახებ „იმედს“ უკრაინაში საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ განუცხადა.
„უკრაინულ მედიაში ვრცელდება ეს ინფორმაცია, საკონსულოს მივეცი დავალება რომ გაარკვიონ, ახლა პროცესში არიან. საელჩოს ამის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუღია. საკონსულო არხებით მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება“, - განაცხადა დუმბაძემ.
ქარდავას ბრალი ედება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მათ შორის, სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზე 2014 წელს მას დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის არის ერთ-ერთი ფიგურანტი სერგო თეთრაძის წამების ორგანიზების საქმეში სასჯელაღრსრულების ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად. ასევე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თანხების მითვისებაში, რისთვისაც 2013 წელს აღკვეთის დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და მასზე გამოცხადდა ძებნა.