„ენერგია გაქვს, სცენა იყო მთლიანად შენი, შენ არ იყავი კონკურსანტი, ეს იყო შენი პერფორმანსი“ - ეს ფრაზა ნინა სუბლატმა „იმედის“ ახალი მუსიკალური პროექტის „ჩვენ ვარსკვლავები ვართ“ მონაწილეს, გიგა ცირამუას უთხრა. ალბათ გეცნოთ ეს სიმპატიური ბიჭი. გიგა „იქს ფაქტორის“ მონაწილე გახლდათ. ის ნიკა გვარამიას გუნდის წევრი იყო და 4 სკამის ტურიდან მენტორმა ავთო აბესლამიძეში გაცვალა. ამ პროექტის ფინალსაც თუ გავიხსენებთ, მენტორის არჩევანსაც გავამართლებთ. თუმცა, მაშინ გიგას გულშემატკივარი ნიკას არჩევანს არ უწონებდა და აკრიტიკებდა კიდეც. გავიდა დრო და გიგა კვლავ სცენაზეა, ამჯერად ჟიურის სხვა წევრების ხელში, რომელთაგან ერთი, ნინა სუბლატი განსაკუთრებით აქებს. შოუ „ჩვენ ვარსკვლავები ვართ“ უკვე „იმედის“ ეთერშია.
- გიგა, ეს შენი მეორე მცდელობაა... როგორ გგონია. რამდენად გაქვს ამ ეტაპზე შანსები?
- „იქს ფაქტორში“ ვერ გამოვავლინე ჩემი შესაძლებლობები ბოლომე. ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ უფრო მომზადებული ვარ და მეტი შანსი მაქვს მაქსიმუმი ვაჩვენო ჟიურისაც და მაყურებელსაც.ძალიან დიდი კონკურენციაა ამ პროექტში. ეს სტიმულია ჩემთვის, რომ ასეთ კონკურენციას გავუძლო. ეს ბევრ ძალიასმევას მოითხოვს.
- ფიქრობ, რომ მაშინ „იქს ფაქტორში“ ნიკა გვარამია უსამართლოდ მოგექცა?
- ასე გადაჭრით ვერ ვიტყვი. უბრალოდ მაწუხებს ის, რომ საკუთარი თავი ბოლომე ვერ ვაჩვენე.
- ვის თვლი მთავარ კონკურენტად ამ პროექტში?
- გამიჭირდება თქმა, ჟანრობრივად შორს ვართ ერთმანეთთან ყველა კონკურსანტი.
- ჟიურის რომელი წევრის შეფასებას ელოდები ხოლმე ყველაზე დიდი ინტერესით?
- ნინა სუბლატის, რადგან ახლოს არის ჩემს ჟანრთან. ძალიან მესიამოვნა ნინასგან კარგი შეფასება. მაგრამ მეორეს მხრივ პასუხისმგებლობა გაიზარდა. როცა პირველ კონცერტზე ასე გაფასებენ, თამასა აწეულია, შეცდომის უფლება აღარ გაქვს.
- განსაკუთრებით გაქებს ნინა სუბლატი. თავად თუ იცნობ ნინას შემოქმედებას და რას იტყვი მასზე, როგორ მომღერალზე?
- ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი თანამედროვე შემსრულებელია ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო არტისტია.
- ჩაწერდი დუეტს მასთან?
- სიამოვნებით.
ნინო მჭედლიშვილი