ნუცუბიძის ქუჩაზე, პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი თვითმხილველი, ნოდარ შანიძე აცხადებს, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების შესახებ საუბარი შს სამინისტროს ჟურნალისტის მხრიდან წამოვიდა კითხვა, იღებდა თუ არა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს გარდაცვლილი.
როგორც მოწმემ განაცხადა, კითხვაზე დადებითაც უპასუხა. მისი თქმით, გამოკითხვა შეეხებოდა არა პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების ფაქტს, არამედ მომხდარ კონფლიქტს, რის გამოც პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ საიდან ჰქონდა ნოდარ შანიძეს ინფორმაცია, პაატა პავლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რაზეც ნოდარ შანიძემ განმარტა, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების არსებობის შესახებ 25 ოქტომბერს, ინციდენტის დღეს გაიგო, თუმცა მანამდე ჰქონდა ინფორმაცია რომ პავლიაშვილი წამლებს იღებდა.
"სიტყვა „ფსიქოტროპული“ გავიგე 25 ოქტომერს, რას გადაეკიდეთ ამ წამლებს, ხანდახან მეც ვსვამ წამლებს-ხოლმე. როდესაც შსს-ს მივეცი ინტერვიუ, იყო კითხვა-პასუხის რეჟიმი, ისინი მეკითხებოდნენ, შემდეგ ჩართავდნენ კამერას, სადაც ვპასუხობდი. ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე მათ მკითხეს, ეს მე კი არ მომიგონია, მათი მხრიდან წამოვიდა საუბარი, იღებდა თუ არა მედიკამენტებსო და მე ვუთხარი კი-მეთქი“, - განაცხადა ნოდარ შანიძემ.
მისივე თქმით, ის რომ პაატა პავლიაშვილი იღებდა მედიკამენტებს, გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე თავად პავლიაშვილმა განუცხადა.
„მე ჩხუბი მომივიდა გიორგი კოპალიანთან, ყველამ იცის, რომ ის ლოთია. გიორგი კოპალიანის გამო არაერთხელ მოსულა უბანში პატრული“, - განაცხადა ნოდარ შანიძემ.
ნოდარ შანიძე თბილისის პროკურატურაში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა, როგორც მან აღნიშნა, ადვოკატი, ოჯახის წევრების სურვილით აიყვანა.