ირაკლი კოვზანაძე - 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მაკროეკონომიკურად გამართულია და პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და რეალობებს

19:02 11-03-2017
77

უმთავრესია, რომ 2018 წლის ბიუჯეტი მაკროეკონომიკურად გამართულია, მას საფუძვლად უდევს 3%-იანი დეფიციტი და რეალური ეკონომიკური ზრდის 4.5%-იანი პროგნოზი. ხაზი მინდა გავუსვა, რომ საქართველოს მშპ- ზრდა სსფ- მონაცემებით ერთ-ერთი საუკეთესოა პოსტსაბჭოთა სივრცესა და მთლიანად რეგიონში“, - ასე შეაფასა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტი.  

როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, სწორედ ეკონომიკური ზრდის შედეგია ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებაში 2018 წლისთვის კიდევ უფრო იზრდება გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების როლი მთლიან შემოსულობებში. მისივე თქმით, ასევე იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები და იგი 12 მლრდ 403 მლნ ლარს გადააჭარბებს; მომავალი წლის ბიუჯეტში გაზრდილია რეგიონალური განვითარების, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლებისა და თავდაცვის სამინისტროების ხარჯები.

„2018
წლის ბიუჯეტში გაზრდილია რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხარჯები დაახლოებით 574.5 მლნ ლარით, ანუ თითქმის 46%-ით, რაც ნიშნავს, რომ მინიმუმ 1 მლრდ. 833 მლნ. ლარამდე პირდაპირ თუ ირიბად მიმართული იქნება ეკონომიკური აქტივობის, ბიზნესის მხარდაჭერის, შესაბამისად კი ეკონომიკური ზრდის, მოსახლეობის დასაქმების და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის სესიაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვისას.  

მისი თქმით, მთლიანობაში 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტის წინაშეა წარმოდგენილი სათანადოდ ასახავს და ადექვატურად პასუხობს იმ რეალობას და გამოწვევებს, რაც ჩვენი ქვეყნის და ქართული საზოგადოების წინაშე დგას.