საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გასატარებლად, საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ფინანსური რესურსის გამოყოფასთან ერთად, დამატებითი რესურსის მობილიზებაზე მიმდინარეობს მუშაობა. აღნიშნული განცხადება ოთარ დანელიამ პლენარულ სხდომაზე საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შეფასებისას გააკეთა.
დანელიამ ვიცე პრემიერს, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური გუნდის წარმატება საქართველოში ბიზნესის კეთების რეიტინგში დაწინაურებაში აისახა. მისივე თქმით, ეს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
ოთარ დანელიამ ძირითად ფაქტორებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი წინა წლების მონაცემებს მნიშვნელოვნად აღემატება, აუცილებელია სულადობის კონტროლი.
„ მეცხოველეობის სექტორში აღნიშნულია 3%-იანი კლება, რაც ძირითადად ექსპორტით არის გამოწვეული, სწორედ ამ მიზნით, სამინისტრომ შეკრიბა კომისია, რომელმაც განიხილა აღნიშნული საკითხი და მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების მონაცემებს, ასევე აუცილებელია სულადობის კონტროლი ქვეყანაში. სწორედ ამ მიზნით, შემუშავებულია დონორ ორგანიზაციებთან ერთად ერთობლივი პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნულის კონტროლს და მათ შორის, ფერმერული მეურნეობების ხელშეწყობას“,- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
სასოფლო-სამეურნეო მომსახურების მაჩვენებელზე საუბრისას, ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ალტერნატიული გეგმა აქვს შემუშავებული, რომელიც მექანიზაციის ხელშეწყობას მოიაზრებს. „სასოფლო-სამეურნეო მომსახურების მაჩვენებელი შემცირებულია, რაც ძირითადად განპირობებულია ხვნა-თესვის უფასო პროგრამით,.ვინაიდანმიმდინარე წელს ეს პროგრამა აღარ გაგრძელებულა და შესაბამისად, დაახლოებით 20%-იანი კლება გვაქვს ამ მიმართულებაში, სწორედ ამ მიზეზით. თუმცა ასევე, სამინისტროს შემუშავებული აქვს ალტერნატიული გეგმა, რომელიც გულისხმობს და მოიაზრებს მექანიზაციის ხელშეწყობის გეგმას, რაც წაახალისებს სექტორში ერთის მხრივ მექანიზაციაზე ხელმისაწვდომობას და მეორე მხრივ იქნება გაცილებით უფრო ჯანსაღი კონკურენცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სახელმწიფო არ იქნება მონსტრი, რომელიც იყო აქამდე მექანიზატორის სახით. შესაბამისად, ესეც არის ჯანსაღი მიდგომა. სტატისტიკის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში აგრო-ბიზნესის მთლიანმა გამოშვებამ 4 მლრდ. ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 8% აღემატება. ასევე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის გამომუშავება მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 2,3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 9%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორებია“,- განაცხადა პარლამენტის წევრმა.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკონომიკურ გუნდს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაც მიულოცა და ეს ფაქტი ისტორიულ მოვლენად შეაფასა. მისი თქმით, ესა არის ქართველი მეწარმეებისთვის ორ მილიარდიან ბაზარზე წვდომის შესაძლებლობა. „ეს არის რეგიონში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უპრეცენდენტო. ეჭვი მეპარება, რომ რომელიმე სხვა სახელმწიფომ ამ რეგიონში და ევროკავშირში მოახდინოს ასე სწრაფად, ასეთი ამომწურავი და ასეთი მნიშვნელოვანი, მათ შორის,თუ ჩვენს ექსპორტ-იმპორტის პარიტეტებს შევხედავთ, დავინახავთ რამდენად მნიშვნელოვანი და სერიოზული ხელშეკრულებაა. საბოლოო ჯამში, ჩვენ წვდომა მივეცით ქართველ მეწარმეებს ორ მილიარდიან ბაზარზე. ეს არის თურქეთთან, ევროკავშირთან და უკვე ჩინეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან მიმდინარეობს ის ურთიერთობები, რომელიც მიმდინარეობს და არ შეიძლება არ აღინიშნოს. მინდა მივულოცო ეკონომიკურ გუნდს, მთავრობას. ეს არის სერიოზული მიღწევა, ისტორიული მოვლენა, რომელიც არის ფასდაუდებელი“,- განაცხადა ოთარ დანელიამ.