ქართველი ფეხბურთელის გურამ კაშიას მიერ ჰოლანდიაში ერთ-ერთ მატჩზე ლგბტ ფერებიანი სამკლაურით გამოჩენის თემამ საქართველოში საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში გაღიზიანება გამოიწვია.
საზოგადოების ნაწილმა გურამ კაშია ლგბტ პროპაგანდაში დაადანაშაულა, ნაწილმა კიმას სოლიდარობა გამოუცხადა. „ქართულმა მარშმა“ გურამ კაშიას საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან გარიცხვის მოთხოვნით ფეხბურთის ფედერაციასთან აქცია გამართა, გუშინ კი „ქართული მარშის“ წევრები ტელეკომპანია “რუსთავი 2“-თან მივიდნენ და მათ ლგბტ თემის პროპაგანდაში დასდეს ბრალი. ორივე აქციაზე ისმოდა ჰომოფობიური განცხადებები და გინება.
ჩვენ დავინტერესდით წამყვანი ტელეკომპანიების გადაცემების ავტორების და ჟურნალისტების პოზიციით, უნდა გაშუქდეს თუ არა და როგორ, ისეთი ღონისძიებები, რომლებიც გაჯერებულია აგრესიით, სიძულვილის ენითა და ჰომოფბიური განცხადებებით.
არჩილ გამზარდია „ახალი ამბები არჩილ გამზარდიასთან ერთად“:
"თუ შევხედავთ იმ კუთხით რას უნდა აშუქებდეს მედია და რას არა, ძალიან რთული თემაა მთლიანობაში. ერთი მხრივ ჟურნალისტის ვალდებულებაა, რომ გააშუქოს ყველაფერი რაც ხდება, მეორე მხრივ ადამიანის უფლებაა, იცოდეს რაც მის გარშემო ხდება. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, ეს არის უკვე ჟურნალისტის არჩევანი -თავად რა პოზიცია ექნება თემის გაშუქებისას. მე საავტორო გადაცემის ავტორობას ვუდგები როგორც ანალიტიკოსი, ყოველთვის ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას და ამიტომ, ეს თემა შედარებით გაადვილებული მაქვს, რადგან შემიძლია ჩემი აზრი მარტივად გამოვხატო. მე შემიძლია მივცე სივრცე მეტნაკლებად (არ შეიძლება ყველაფერს მივცეთ სივრცე) სხვადასხვა პოზიციას ისე, რომ იქ მე ჩემი პოზიცია გამოვხატო. ყველა ტიპის დებატში სიძულვილის ენა მძაფრია, წამყვანი ვერ გაზრდის სტუმარს. მთელი რიგი პრობლემებია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს ფრთხილი, მთელი რიგი პროცესები უნდა გაითვალისწინოს. მე პირადად ინდივიდუალურად ვუდგები ნებისმიერ შემთხვევას - როდის, რა თემას მივცე სივრცე, ვის მივცე სივრცე და ჩემი ჩართულობა როგორ გამოვხატო. ფრთხილად ვეკიდები მოწყვლადი ჯგუფების მიმართ აგრესიის გამოხატვას, მაგრამ ძალიან ფრთხილად ვეკიდები ცენზურის თეორიულ პერსპექტივასაც მედიასაშუალებებში".