რეჟისორი გოგა ხაინდრავა გაერთიანება "ეს შენ გეხება"-ს წევრებს მიმართავს, 7 ნოემბრის 10 წლისთავზე, გაარკვიონ, რისთვის მიიღო მათმა ლიდერმა ეკა გიგაურმა მაშინდელი შს მინისტრ ვანო მერაბიშვილისგან ჯილდო.
"გაერთიანება "ეს შენ გეხება"-ს წევრებო, ვისაც პრეტენზია გაქვთ დაიცვათ სამოქალაქო საზოგადოების უფლებები და დემოკრატიული ღირებულებები, დღეს 7 ნოემბრის ათი წლის თავზე მინდა გკითხოთ: თქვენი ლიდერი კაპიტანი ეკა გიგაური, რომლის მიმართაც სამართლიანად არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მან თავისი უწყების სწრაფი რეაგირების რაზმის წევრებს 7 ნოემბერს ქართველი ხალხის სასტიკ დარბევაში მონაწილეობისთვის, ივანე მერაბიშვილის გადაწყვეტილებით და ბადრი ბიწაძის ბრძანებით, გადასცა წამახალისებელი ფულადი ჯილდოები, თვითონ კი ივანე მერაბიშვილის მიერ რიგგარეშე კაპიტნის წოდებით იქნა დაჯილდოებული, ვალდებულია თუ არა ქართულ საზოგადოებას გაუმხილოს და „გამჭირვალედ“ აუხსნას რა დამსახურებისთვის მიიღო მან ეს ჯილდო?!
თქვენთვის არის თუ არა მნიშვნელოვანი ვინ გვესაუბრება ადამიანის უფლებებზე, თუ თქვენ ეს არ გეხებათ?!", - აცხადებს ხაინდრავა.