2%-იანი წილი დამსაქმებლის მხრიდან, ხელფასებზე არამგონია აისახოს...სოციალური პასუხისმგებლობაა - სოსო ფხაკაძე

13:16 11-07-2017
239

,,რისკი არის ის რომ ეს რეფორმა არ განხორციელდეს, თუმცა უნდა განხორციელდეს", - ეს განცხადება ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ დაგროვებითი პენსიის რეფორმის შეფასებისას განაცხადა. 

მისი თქმით, დამსაქმებელთა 2%-იანი წილი დაგროვებით პენსიაში დასაქმებულების ხელფასებზე, სავარაუდოდ, არ აისახება.
 ,,2%-იანი წილი დამსაქმებლის მხრიდან ხელფასებზე არამგონია აისახოს. ეს დაბეგვრას არ ექვემდებარება. ეს გარკვეულწილად სოციალური პასუხისმგებლობაც არის და გარკვეულწილად თითოეული ჩვენთაგანი გავა პენსიაზე და ყველას გვჭირდება შემოსავალი", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

მისი თქმით, ბიზნესს შენიშვნები აქვს თუმცა ხელისუფლება გამოხატავს მზაობას გაითვალისწინოს ეს შენიშვნები. 
,, მესამე მცდელობაა საქართველოში საპენსიო რეფორმის განხორციელების... ეს არის რეფორმა, რომელიც, პირველ რიგში, იქნება მომგებიანი სქემაში ჩართული მხარეებისთვის. აქ გათვალისწინებულია საინვესტიციო საბჭოს შექმნა,მმართველო კომპანიები, დეპოზიტარის არსებობა, კანონთან დაკავშირებით ასოციაციამ და ჩვენ ეფექტურად ვიმუშავეთ. დღესაც დავაყენეთ სხვადასხვა შენიშვნა და არის მზაობა გაითვალისწინონ ჩვენი შენიშვნები. 
შენიშვნა იყო იმასთან დაკავშირებით, როგორ დაინიშნებიან საინვესტიციო საბჭოს წევრები, როგორ მოხდება  ამ თანხების განკარგვა. ის საკითხები დავაყენეთ, რომელიც ასოციაციის წიაღში მსჯელობისას წარმოიშვა და ხელისუფლებისგან არის მზაობა", -განაცხადა სოსო ფხაკაძემ. 
მისი თქმით, რეფორმის მიხედვით, ბიზნესის ხარჯი 1.6%-ით იზრდება.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან ერთად ბიზნესასოციაციის წევრებს საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ხვდებიან.