სააკაშვილი პატარკაციშვილს დაემუქრა ძალის გამოყენებით, თუ ის "იმედს" არ დათმობდა - პროკურორი

23:29 11-07-2017
387

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის ინფორმაციით, გამოძიებას აქვს მტკიცებულებები და ჰყავს მოწმეები, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია "იმედის" მფლობელს, ბადრი პატარკაციშვილს დაემუქრა ძალის გამოყენებით, თუ ის ნებაყოფობით არ დათმობდა ტელეკომპანიას.

ამის შესახებ წიკლაურმა რადიო „პალიტრის“ გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა. 

პროკურორმა 7 ნოემბერს, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის და ბადრი პატარკაციშვილისთვის ქონების წართმევის საქმეზე ისაუბრა, რომელზეც ბრალი რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანს, მათ შორის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ყოფილ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს, ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილსა და დედაქალაქის ყოფილ მერს გიგი უგულავას აქვს წაყენებული. 

ჯარჯი წიკლაურის თქმით, საქმეები გაერთიანებულია, კომპლექსურია და სასამართლო განხილვების ბოლომდე მიყვანა გარკვეულ დროს მოითხოვს. როგორც პროკურორმა აღნიშნა, საქმეში არის დაახლოებით 300-მდე მოწმე, რომელთაგან ამ ეტაპზე მხოლოდ 60-ია დაკითხული. წიკლაურის განცხადებით, იმჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებული იყო, რომ ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო პოლიტიკა შეცვლილიყო, რადგან არხი ხელისუფლებისთვის არასასურველ სარედაქციო პოლიტიკას ატარებდა.

„თავის დროზე რკინიგზასაც სთავაზობდა ხელისუფლება პატარკაციშვილს „იმედის“ სანაცვლოდ. პირდაპირ მუქარაც კი შეუთვალა იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბადრი პატარკაციშვილს, რომ თუ ტელევიზიას არ დათმობდა ნებაყოფლობით, მაშინ ძალადობრივი მეთოდებით მოხდებოდა ტელევიზიის წართმევა და ეს მოხდა კიდეც პრაქტიკულად 7 ნოემბერს. ჩვენ ამ ფაქტის პირდაპირი მოწმეები გვყავს, რომლებიც დაიკითხებიან სასამართლოში. დადასტურებულია ფაქტებით, რომ „ტელეიმედში“ შეიჭრა ყველა ძალოვანი უწყება, რომელიც კი არსებობდა საქართველოში. ეს იყო შსს-ს კუდ-ის ქვედანაყოფები, სოდ-ის ქვედანაყოფები, კონტრდაზვერვის სამმართველო, ფინანსური პოლიციის სპეცრაზმი, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულები, მათ შორის. ეს მოვლენები იმართებოდა ე.წ. მოდულის შენობიდან, სადაც შეკრებილები იყვნენ შს მინისტრი ივანე მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი. ეს დადასტურებულია კონკრეტული მოწმეების მიერ. ბრძანება „ტელეიმედის“ ამ ფორმით დარბევისა, რა თქმა უნდა, გაცემული იყო იმჟამინდელი პრეზიდენტის მიერ. ჩვენ სასამართლოში დავკითხავთ თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს და ასევე პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე