ვიქტორ დოლიძე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარულ ვითარებას საგანგაშოდ მიიჩნევს

12:56 11-08-2017
87

ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ის ჰუმანიტარული ვითარება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა შექმნილი, ძალიან საგანგაშოა.

როგორც დოლიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სადამკვირვებლო მისიების ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ მადლიერია ევროსაბჭოს მდივნის ტორბიორნ იაგლანდის, რომელმაც ანგარიშში - "კონფლიქტი საქართველოში" ნათლად ასახა რეალობა.

"ბატონი დავით ზალკალიანი გახლავთ სტრასბურგში ამ საკითხის განსახილველად. ის ჰუმანიტარული ვითარება, რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არის ძალიან სამწუხარო, ძალიან საგანგაშო, გამომდინარე იქედან, რომ პრაქტიკულად ადამიანის უფლებები ილახება სერიოზულად, სწავლის უფლება, გადაადგილების უფლება, საერთოდ ცხოვრების უფლება, საერთაშორისოდ გათვალისწინებული ყველა ნორმაა დარღვეული. ეს არის ერთი სამართლებრივი მხარე, რასაც აკეთებს რუსეთის ფედერაცია ადგილზე, მეორეა ადამიანური, ჰუმანური მხარე, რაც საგანგაშოა. ამიტომ ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ და ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ საერთაშორისო ჩართულობა ადგილზე  იყოს რაც შეიძლება მეტი. ამიტომაც თუნდაც ევროპელი დამკვირვებლების ადგილზე ყოფნა, განსაკუთრებით შიგნით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. თუმცა, იგივე ის, რომ ბატონი იაგლანდი კარგად იცნობს ამ პრობლემას და პირადად არის ჩართული ამ საკითხის წამოწევაში, არის აღნიშვნის ღირსი და მადლიერი ვარ მისი, რომ მისი მხრიდან აქტიურობა გრძელდება, რადგან ევროსაბჭო არის სწორედ ის ორგანიზაცია, რომელსაც ეკუთვნის ამგვარი საკითხების ადგილზე განხილვა",-აღნიშა ვიქტორ დოლიძემ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანგარიში მოიცავს პერიოდს 2017 წლის აპრილიდან 2017 წლის სექტემბრის ჩათვლით. ანგარიშის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი. 

მათი ცნობით, მე-16 კონსოლიდირებულ ანგარიშში გენერალური მდივანი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე. აგრეთვე ეთნიკური ქართველებისთვის უფლებების შეზღუდვაზე მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის შემდეგ აფხაზეთის რეგიონში შექმნილ მძიმე ვითარებაზე. 

ანგარიშში ხაზი გაესვა ისეთ საკითხებს, როგორიცაა სოფელ ერედვში ქართველთა კუთვნილი სახლების განადგურების ფაქტები, გამშვები პუნქტების დახურვა, ე.წ. ბორდერიზაცია, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, ეთნიკური ნიშნით შევიწროვება და სხვა სახის პრობლემები. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე