ამაში კარგის მეტს ვერაფერს ვხედავ - დოლიძე ევროპარლამენტის მიერ ნდობის ფონდის შესაძლო შექმნაზე

13:27 11-08-2017
74

ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე მიიჩნევს, რომ ნდობის ფონდი, რომელიც შესაძლოა ევროპარლამენტში შეიქმნას, კარგი იდეაა, მაგრამ ამაზე ჯერ ნაადრევია საუბარი.

ამის შესახებ დოლიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

"ნდობის ფონდის იდეა მე მომწონს, მაგრამ ეს არის ჯერჯერობით ევროპარლამენტში წამოწეული განხილვის საგანი, რომელიც  შესაძლებელია ითვალისწინებდეს კრიზისულ  ვითარებაში ამ სამი ქვეყნისთვის დახმარების აღმოჩენას, გამოცდილების გაზიარებას. ამიტომ მე ამაში კარგის მეტს ვერაფერს ვხედავ. არა მხოლოდ ევროკავშირში, ნატო-ს თვალსაზრისითაც ჩვენ გვქონია ამგვარი ნდობის ფონდები სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში და თუკი აღმასრულებელ დონეზე ევროკომისიაში იქნება მიღებული ამგვარი გადაწყვეტილება, არ იქნებოდა ურიგო. მოდით, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ინიცირება და პოლიტიკური ნება-სურვილი და ინიციატივა ევროპარლამენტისა. ჩემი აზრით, კარგი იდეაა, მაგრამ ამას სჭირდება განვრცობა, განვითარება, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. რამდენად მოხერხდება ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე, ამას თვითონ პროცესი გვიჩვენებს",- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე, ევროკავშირის საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან ურთიერთობების გაღრმავების ახალი ინიციატივით გამოდის. რეკომენდაციების სიაში მოცემულია საქართველოსთვის, უკრაინისათვის და მოლდოვასთვის ნდობის ფონდის შექმნა. ნდობის ფონდი წარმოადგენს განვითარების ინსტრუმენტს, რათა ევროკავშირმა სწრაფად და მოქნილად გასცეს პასუხი კრიზისულ და პოსტკრიზისულ სიტუაციებს. ფონდის ფარგლებში მოზიდული იქნება საჯარო და კერძო დონორების რესურსები, რათა ინვესტირება მოხდეს სოციალური და ეკონომიკური გაუმჯობესების პროექტებში. 

აღნიშნული ანგარიში უკვე მიიღო ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა და მას კენჭი ეყრება ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, რომელიც სტრასბურგში ნოემბერში გაიმართება.

ავტორი: ლილუ მიროტაძე