სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი გიორგი რუხაძე ამბობს, რომ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით სტატისტიკის გაცნობის შემდეგ, ვითარება საგანგაშო არ არის. მისი თქმით ბუნებრივია, არის დარღვევები, თუმცა ეს ნორმალურია.
"არის დარჩენების, საზღვარზე არგადაშვების შემთხვევები, თუმცა ეს ყველაფერი ვერ მოახდენს სავარაუდოდ გავლენას უვიზო მიმოსვლაზე, ასევე შეჩერების მექანიზმის ამოქმედების არანაირი საფრთხე არ იკვეთება ამ ეტაპზე. აშკარაა, რომ შესაბამისი სამსახურები მუშაობენ საქართველოში, თუმცა ის, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედება არ გვემუქრება, არ ნიშნავს, რომ ყურადღება უნდა მოვადუნოთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სტატისტიკა იყოს ჯანსაღი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ",- აღნიშნა რუხაძემ.
მისი თქმით ის, რომ ადამიანები რჩებიან უკანონოდ სხვა ქვეყანაში, მათი პოზიტიური არჩევანი სულაც არ არის. "არავის უხარია იქ დარჩენა, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ისინი ეძებენ უკეთეს ცხოვრებას და სამსახურს. საქართველომ და მისმა ხელისუფლებამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მოქალაქეებს არ გაუჩნდეთ სურვილი უკანონოდ აღმოჩნდეს ევროპის რომელიმე ქვეყანაში და იქ რაიმე შავი სამუშაო შეასრულოს",- განაცხადა რუხაძემ.