"პრაიმტაიმის" ექსკლუზივი - რა საკადრო ცვლილებები იგეგმება ხელისუფლებაში

18:03 11-11-2017
3580

 „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მომავალ კვირაში პოსტს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დატოვებს. თუმცა, ამ ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებენ. როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება ახალი კანდიდატურა ისევ ძალოვანი უწყების შიგნით შეირჩევა და გარედან სხვა კადრის მიყვანა არ იგეგმება.

ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ის ოფიციალურად უახლოეს ხანში გამოცხადდება. ჩვენი ინფორმაციით, დაგეგმილი ცვლილებების შედეგად საერთოდ უქმდება ენერგეტიკის სამინისტრო, შესაბამისად თანამდებობას ტოვებს უწყების პირველი პირი ილია ელოშვილი.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროსთან ერთიანდება. სად გააგრძელებს საქმიანობას ილია ელოშვილი, ჯერჯერობით უცნობია. მან ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე კახა კალაძე 12 ივლისს შეცვალა, მანამდე კი მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. ელოშვილმა მინისტრის სავარძელში მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც კახი კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი გახდა.

ჩვენი ინფორმაციით, შესაძლოა, სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები შეეხოს კიდევ რამდენიმე უწყებას. 

ცნობილია, რომ შს მინისტრი ნოემბრის ბოლოს პარლამენტშია დაბარებული. მკითხველს აქვე შევახსენებ, რომ მღებრიშვილი შს მინისტრის თანამდებობაზე 2015 წლის აგვისტოში დაინიშნა. მანამდე ის ჯერ ქვემო ქართლის გუბერნატორის, შემდეგ კი სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი