იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი “ქრონიკასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს 34 მოსამართლის უვადო დანიშვნაზე ხელი უნდა მოეწერა, ვინაიდან ეს კანონით არის დადგენილი.
რაც შეეხება იმ სამკვირიან ინტერვალს, რა დროის განმავლობაშიც გვენეტაძე თავს იკავებდა ამ ხელმოწერისგან, ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ ამაზე ვადები კანონით არ არის დადგენილი.
"კანონით არ არის დადგენილი, რა დროში უნდა მოაწეროს ხელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ გადაწყვეტილებას. თუმცა, სჯობდა ნინო გვენეტაძეს განმარტებები უფრო ადრე გაეკეთებინა. როგორც იცით, მოსამართლე წევრებმა საკმაოდ სერიოზული კამპანია წამოიწყეს ორი კვირის განმავლობაში, ორივე სხდომაზე“, - აცხადებს ჯანეზაშვილი და განმარტავს, რომ იმ აგრესიის თანხლებით, რაც მოსამართლე წევრებმა გვენეტაძის მისამართით გამოავლინეს, მისთვის საბწოში მუშაობა მიუღებელია.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის შედეგად, საერთო სასამართლოებში 34 მოსამართლე უვადოდ 20 ოქტომბერს გაამწესა. ამ გადაწყვეტილებას ხელს არ აწერდა საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, რომელმაც განაცხადა, რომ მასზე იუსტიციის საბჭოს წევრები და საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ზეწოლას ახდენენ.