დღეს, 6 ქალაქში არჩევნების მეორე ტური ტარდება

07:58 11-12-2017
100

12 ნოემბერს, თვითმმართველი ქალაქის, ქუთაისის და თვითმმართველი თემების - ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების არჩევნების მეორე ტური იმართება.  არჩევნების მეორე ტური  317 საარჩევნო უბანზე ტარდება.

ცესკო-ს სპიკერსის ანა მიქელაძის თქმით, რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში ჯამში არის - 328 272 ამომრჩეველი. 

”მეორე ტურებში სხვადასხვა საარჩევნო ოლქებში მონაწილეობს 6 საარჩევნო სუბიექტი, რომელთაგანაც 2 საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატია. არჩევნების დღეს ამომრჩევლები მიიღებენ მხოლოდ 1 საარჩევნო ბიულეტენს მერის ასარჩევად. საერთო ჯამში, მეორე ტურის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაიბეჭდა 299 450 ბიულეტენი”, - განაცხადა ანა მიქელაძემ. 

მისივე თქმით, თითოეულ საარჩევნო უბანს უკვე გადაეცა ყველა საჭირო ინვენტარი და დოკუმენტაცია და დილის 08:00 საათზე უბნები მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად. 

”საარჩევნო უბნებზე მცირე მხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2 გამადიდებელი ლინზა, უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები სპეციალური ჩარჩო ფორმა, ყრუ და სმენადაქვეითებული ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერი, ხოლო ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის ადაპტირებული საარჩევნო უბნები აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით”, - განაცხადა ანა მიქელაძემ. 

მისივე ინფორმაციით, ხვალ, 20:00 საათზე მას შემდეგ რაც უბნები დაიხურება და ხმის დათვლის პროცედურა დაიწყება, ცესკო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებ გვერდზე: www.results.cec. gov.ge