პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები მართვის სისტემის ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლებას ემსახურება.
„პრემიერ მინისტრის მიერ შემოთავაზებული სტრუქტურული ცვლილებები ემსახურება მთავრობაში მართვის სისტემის რაციონალიზაციას და ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლებას“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს. ირაკლი კობახიძის თქმით, ამ ცვლილებების ერთ-ერთი შედეგი ხარჯების ოპტიმიზაციაც იქნება, შესაბამისად, დაგეგმილი ცვლილებები ყველა თვალსაზრისით დადებით შედეგებს მოიტანს.
„ჩვენ მივესალმებით იმ სულისკვეთებას, რომელსაც ეფუძნება პრემიერის ეს ინიციატივა. რაც შეეხება ბიუჯეტს, ბუნებრივია, ამ ცვლილებების ერთ-ერთი შედეგი იქნება ასევე ხარჯების რაციონალიზაცია და ოპტიმიზაცია, აქედან გამომდინარე, ყველა თვალსაზრისით, ეს ცვლილებები მოიტანს დადებით შედეგებს“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
შსს-ში შეიქმნა ასევე ახალი სტრუქტურული ერთეული. შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, რომელსაც შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს. მინისტრის პოსტზე მღებრიშვილს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის. განათლების ახალ მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.