ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ მიხეილ ჩხენკელი 2016 წელს თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის ინიციატივით დაინიშნა. როგორც მაშინ შარვაშიძემ განმარტა ჩხენკელი თსუ-ს 2017-2021 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებაში უნდა ჩართულიყო.
თსუ-ს ახალმა პრორექტორმა მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი აშს-ის პენსილვანიის უნივერსიტეტში მიიღო. აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში 20 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს, მიიღო უამრავი სამეცნიერო და პედაგოგიური ჯილდო, მათ შორის საუკეთესო სწავლებისათვის პროფესორის ოსკარი.
მას აქვს პენსილვანიის უნივერსიტეტის 9 ჯილდო საუკეთესო სწავლებისთვის, Goldman Sachs-ის ფონდის პრემია, სამეცნიერო-კვლევითი გრანტები და სტიპენდიები. იგი არის მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი, ამერიკაში გამოცემული წიგნების რეცენზენტი და სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოებების წევრი. ამერიკის უნივერსიტეტებში მოღვაწეობისას მიხეილ ჩხენკელი იყო მათემატიკის დეპარტამენტის კომპიუტინგის კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორთა სენატის წევრი, მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების საკონკურსო კომიტეტების წევრი, ტექნოლოგიის, ანალიტიკური აზროვნების, აკადემიური სტანდარტების კომიტეტების წევრი, ამერიკის მათემატიკური საზოგადოების სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების ჟიურის წევრი, სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციების და მათემატიკური ოლიმპიადების ორგანიზატორი, Cengage Learning-ის მრჩეველი და გოლდვოტერის პრემიის კომიტეტის წევრი.
მიხეილ ჩხენკელი მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, მათ შორის ამერიკის მათემატიკური საზოგადოების და ამერიკის მათემატიკური ასოციაციის სამეცნიერო კონფერენციებში. იგი მონაწილეობს ახალი კურიკულუმების შემუშავებაში და კვლავ კითხულობს ლექციებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მას აქვს მჭიდრო პროფესიული კავშირები ამერიკის მრავალი წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორებთან, მათ შორის ჰარვარდის, პრინსტონის, პენსილვანიის, იელის, კოლუმბიის, ბრაუნის, კორნელის, ჩიკაგოს, ბერკლის, ნიუ იორკის, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტებში და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში. მიხეილ ჩხენკელი არის ამერიკის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი.